ნანა ქადაგიშვილი - „ნაცმოძრაობა“ ჩემს მეუღლეს სთხოვდა, „ვარდების რევოლუციას“ ვაპირებთ და დაგვაფინანსეთო, უარზე გივი თარგამაძე გაბრაზდა და ალბათ ეს იყო დღე, როცა „შავ სიაში“ შეგვიყვანეს
„ნაციონალური მოძრაობა“ ჩემს მეუღლეს სთხოვდა, „ვარდების რევოლუციას“ ვაპირებთ და დაგვაფინანსეთო. უარის გამო გივი თარგამაძე გაბრაზდა და ალბათ ეს იყო დღე, როცა „შავ სიაში“ შეგვიყვანეს, – ამის შესახებ ნანა ქადაგიშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
ნანა ქადაგიშვილის თქმით, ეს ხდებოდა „ვარდების რევოლუციამდე“ დაახლოებით ორი-სამი თვით ადრე.
„2000 წელს ჩემი მეუღლე ერთ-ერთ ბანკს დაეხმარა ინვესტიციის შეტანაში და თვითონაც იქ წარმომადგენლად იყო. ვიდრე „ვარდების რევოლუცია“ მოხდებოდა, მანამდე ჩემს მეუღლეს დაუკავშირდა „ნაციონალური მოძრაობიდან“ წარმომადგენელი და ითხოვეს მასთან შეხვედრა ბანკში. როდესაც მოვიდნენ, ჩემს მეუღლეს უთხრეს, „ვარდების რევოლუციას“ ვაპირებთ და თქვენ უნდა დაგვაფინანსოთ აუცილებლადო. ჩემმა მეუღლემ მაშინვე უარი უთხრა, ამას ვერ გავაკეთებ, რადგან პოლიტიკურ საქმეებში, სახელმწიფო საქმეებში ვერ ჩავერევი, არც კანონით მაქვს ამისი უფლება და მორალურადაც ვერ ვიზამ ამასო. გივი თარგამაძე იყო მოსული, რომელიც ძალიან გაბრაზდა ჩემი მეუღლის პასუხზე და ალბათ ეს იყო დღე, როცა მათ „შავ სიაში“ შეგვიყვანეს. ეს ხდებოდა „ვარდების რევოლუციამდე“ დაახლოებით ორი-სამი თვის წინ“, – განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.
კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ნანა ქადაგიშვილს მიმართა: „ეს იყო 2003 წლის ადრე შემოდგომაზე? უკვე ვაპირებთ რევოლუციასო? მან წინასწარ იცოდა და სიტყვა რევოლუცია გამოიყენა? – რაზეც ქადაგიშვილმა უპასუხა:
„რა თქმა უნდა, ეს არც დაუმალავს ჩემს მეუღლესთან“.
ამასთან, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ნანა ქადაგიშვილმა გაიხსენა პერიოდი, რა ხდებოდა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ.
„რევოლუციის შემდეგ ახალი მოსული არიან ხელისუფლებაში, გვიკავშირდება დათო სააკაშვილის წარმომადგენელი და გვეუბნება, უნდა დაითხოვოთ თქვენი იურისტები და ჩემი იურისტებით შემოვიდეთო. დათო სააკაშვილი არის მიხეილ სააკაშვილის ძმა, რომელსაც იურიდიული ფირმა ჰქონდა. დათო სააკაშვილსაც უარი უთხრა ჩემმა მეუღლემ, ოთხი იურისტი ჰყავდა და ისეთი დიდი ბანკი არ იყო, რომ ვერ გაწვდენოდნენ საქმეს. შემდეგ მიხვდა ჩემი მეუღლე, რომ შემოტევითი, იძულებითი ქმედებები იყო, არ ეშვებოდნენ და, ბოლოსდაბოლოს, შემოვიდნენ“, – განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.
როგორც ნანა ქადაგიშვილმა განმარტა, გივი თარგამაძესთან შეხვედრისას მის მეუღლეს ბანკში თანამდებობა არ ჰქონდა და შემდეგ შეიძინა წილები.
„ჩემი მეუღლე – ამირან ქადაგიშვილი უცხოელი ინვესტორების წარმომადგენელი იყო. მას თანამდებობა არ ჰქონდა, შემდეგ შეიძინა აქციები. გივი თარგამაძე როცა მივიდა, მაშინ წილი არც ჰქონდა ბანკში“, – განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.
ნანა ქადაგიშვილს თეა წულუკიანმა მიმართა: „აბა, რომელი ბიზნესის ხარჯზე დაგვაფინანსე რევოლუციისთვისო? ინვესტორები, რომელიც შემოგყავს, მათი ფული ჩვენს რევოლუციას მოახმარეო?“ – რაზეც ქადაგიშვილმა აღნიშნა, დიახ. უცხოელების ხარჯზე უნდა დაგვაფინანსოო.
ნანა ქადაგიშვილმა კომისიის სხდომაზე ასევე გაიხსენა პერიოდი, როდესაც მისი მეუღლე ერთი კვირის დაჭერილი იყო.
„ჩემი მეუღლე დაახლოებით ერთი კვირის დაჭერილია, ლევან პატეიშვილმა მითხრა, ადეიშვილმა და სააკაშვილმა შემოგითვალეს, 20 მილიონ დოლარს თუ გადაიხდი, დავხურავთ ამ საქმეს და ყველანი ჩვენ-ჩვენი გზით წავალთო. ეს შემომითვალეს ლევან პატეიშვილის პირით, რომელიც იყო სააკაშვილის ძმის იურისტიც და მეგობარიც. ჩემგან უარი მიიღეს. ყველა ანგარიში, სადაც კი რამე ქონება, თანხა გვქონდა, ბარათებიც კი, რაც სახლში გვქონდა, ამოიღეს. ასე რომ, ელემენტარული ფულითაც არ დავრჩენილვართ სახლში. ადამიანს როდესაც ბანკი გაქვს, ფული თუ გაქვს, სახლში რატომ დადებ?“ – განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.
ნანა ქადაგიშვილის თქმით, ლევან პატეიშვილმა მას მეორედაც დაურეკა და განუცხადა, რომ ზურაბ ადეიშვილი გაბრაზებული იყო, მაგრამ ათი მილიონის გადახდის შემთხვევაში მისი მეუღლის საქმეს შეწყვეტდა.
„მეორე ჯერზე მირეკავს პატეიშვილი და მეუბნება ცინიკურად, რომ ადეიშვილი საერთოდ გაბრაზებულია თქვენზე და შემოგითვალა, ათი მილიონი დოლარი მოიტანე და ამ საქმეს შევწყვეტო“, – განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.