ნანა ქადაგიშვილი - ციხეში როცა ვშიმშილობდი, რეჟიმის უფროსმა მითხრა, ხომ ხედავ, ექიმი არ გაკითხავს, პატრონი აქ არავინ გყავს, ნუ შიმშილობ, თორემ თირკმელი გაგეთიშება და 17 თეთრად ჩამოგწერენო
ციხეში როცა ვშიმშილობდი, რეჟიმის უფროსმა გამიყვანა და ასეთი რამ თქვა: ხომ ხედავ, ექიმი არ გაკითხავს, პატრონი აქ არავინ გყავს და ნუ შიმშილობ, თორემ თირკმელი გაგეთიშება და 17 თეთრად ჩამოგწერენო, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ნანა ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ამის შემდეგ გადაწყვიტა, შიმშილობა შეეწყვიტა.
„მაშინ ვთქვი, შიმშილობას შევწყვეტ და არაფრით დავუშვებ, აქ მოვკვდე-მეთქი. ალბათ ეს 17 თეთრი იმიტომ იყო, რომ, ჯერ ერთი, ადამიანი არაფრად ღირდა მათთვის, მეორე – ჩვენ არც 17 თეთრი ვღირდით მათთვის. საჭმელს არ გვაძლევდნენ, წყალს, ტუალეტი არ გვქონდა და დაბანის საშუალება. საჭმელი და მედიკამენტი არ გვქონდა, თუ ვინმე ჩვენიანი არ შემოგვიტანდა, შიმშილით ვკვდებოდით იმ ცივ, გაყინული ოთახში, სადაც ხანდახან ტემპერატურა -10 გრადუსი იყო. ფეხსაცმელი და ხელოვნური „შუბა“ მოვატანინე სახლიდან და იმით ვიწექი. ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვიწექით ლოგინში, იმას თუ ლოგინი ერქვა – აი, ამიტომ ვღირდით 17 თეთრი. რა პრობლემა იყო მათთვის ჩვენი სიცოცხლე“, – განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.