ნანა მამულაშვილი - ზედმეტად არასერიოზულია საუბარი, რომ თერმომეტრი მეხსიერებას შლის, ამაზე პასუხის გასაცემად დრო არ უნდა დაკარგოთ
ნანა მამულაშვილი - ზედმეტად არასერიოზულია საუბარი, რომ თერმომეტრი მეხსიერებას შლის, ამაზე პასუხის გასაცემად დრო არ უნდა დაკარგოთ

ის, რომ თერმომეტრი შლის მეხსიერებას, ზედმეტად არასერიოზულია და ამაზე პასუხის გასაცემად დრო არ უნდა დაკარგოთ, – ასე უპასუხა ფსიქოლოგმა, ნანა მამულაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რატომ შეიძლება, ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს სჯეროდეს, რომ კორონავირუსი არ არსებობს და რით აიხსნება ადამიანთა გარკვეული ჯგუფის განწყობა – თუკი სიცხეს თერმომეტრით გავასინჯინებთ, შეიძლება, ცნობიერება, მეხსიერება წაგვიშალონ და ა.შ.

„ასეთი დონის გამონათქვამი არც დაცვით მექანიზმში ჯდება და არც ფსიქოლოგიურ სტრუქტურაში. რბილად მინდა, ვთქვა, რომ ეს ელემენტარულად, განათლების, ინტელექტის თუ რაღაცის დეფიციტზე უფრო მიუთითებს. იმიტომ, რომ თერმომეტრი შლის მეხსიერებას, ზედმეტად არასერიოზულია და მიმაჩნია, რომ ამაზე საერთოდ უნდა იყოს ლაპარაკი. ამაზე პასუხის გასაცემად დრო არ უნდა დაკარგოთ“, – განაცხადა მამულაშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა ტიპის ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საზოგადოებას და სად არის გამოსავალი, ნანა მამულაშვილმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში მედიის როლი უდიდესია.

„მე პირადად, ვემხრობოდი და ძალიან მომწონდა ბრძოლის ფორმები იმ ძალიან მძიმე პერიოდში. მედიის როლი და ზოგადად, საზოგადოების როლი, რა თქმა უნდა, აქ უდიდესია. თუ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ საზოგადოება ერთგვაროვანია, როგორი სწორი ინფორმაციაც არ უნდა გავცეთ, თუ ადამიანს ამის მოთხოვნილება აქვს, თავის ინტერპრეტირებას აუცილებლად გააკეთებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სწორი ინფორმაცია არ უნდა მივაწოდოთ. თუ შეგვაშინებს ის, რომ ჩვენს ინფორმაციას საზოგადოება ასეთ ინტერპრეტირებას გაუკეთებს, მაშინ სჯობს, საერთოდ არაფერზე აღარ ვილაპარაკოთ. დიახ, უნდა ვისაუბროთ; დიახ, უნდა ვეცადოთ, მოვიძიოთ; დიახ, ჟურნალისტებმა და იმ ადამიანებმა, ვისაც საზოგადოებასთან ურთიერთობებში ხელი მიგვიწვდება, უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად გავცეთ სწორი ინფორმაცია და იმედია, ამას გარკვეული ტიპის შედეგები მოჰყვება. ვფიქრობ, აუცილებლად მოჰყვება, რადგან საზოგადოებაში ეს დადებითი ნაწილი მაინც ბევრად მეტია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია“, – განაცხადა ნანა მამულაშვილმა.