ნანა კაკაბაძე - სააკაშვილის რეჟიმის დროს რაც სრულიად საქართველომ გადაიტანა, ეს იყო საოცარი სახადი, რომელიც ჩვენ მოვიხადეთ და რომელიც აღარასოდეს განმეორდება
ნანა კაკაბაძე - სააკაშვილის რეჟიმის დროს რაც სრულიად საქართველომ გადაიტანა, ეს იყო საოცარი სახადი, რომელიც ჩვენ მოვიხადეთ და რომელიც აღარასოდეს განმეორდება

ცხრაწლიანი, სააკაშვილის რეჟიმის დროს რაც სრულიად საქართველომ გადაიტანა, ეს იყო საოცარი სახადი, რომელიც ჩვენ მოვიხადეთ და რომელიც აღარასოდეს განმეორდება, – ამის შესახებ „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძემ რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც ნანა კაკაბაძემ აღნიშნა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც დღემდე აქვთ განცდა, რომ უსამართლობა იყო ის, რასაც ჩადიოდა სააკაშვილის რეჟიმი, რომელიც უმოწყალოდ ხოცავდა ადამიანებს ქუჩებში, მათ მიმართ არ არსებობდა არანაირი სასამართლო გადაწყვეტილებები.

მისივე თქმით, სააკაშვილის რეჟიმი ხოცავდა ადამიანებს ციხეებში, სწორედ იმ ციხეში დღეს თავად რომ ზის.

„ათასობით გვამი გამოჰქონდათ. ჩემი პატიმრები, ვისაც ჩვენი ორგანიზაცია იცავდა, ისინი გათავისუფლების შემდეგ ამბობდნენ, რომ ყოველი დღე იყო ისეთი, რომ ჩვენი საკნიდან ვხედავდით, ყოველდღიურად როგორ გაჰქონდათ გვამებიო. დღეს ამ გვამების შემოქმედი აქ ზის. ითხოვს იმ ფუფუნებას, რომელსაც ზოგიერთ გარეთ მყოფიც კი ნატრულობს და არ აქვთ დღეს ჩვენი მოქალაქეებს. მინდა, ამ ხელისუფლებას მივმართო, არა იმ ნაძირალას, რომელიც დღეს ციხეში იმყოფება, სირცხვილია, ამ განსხვავებულ პირობებში გყავდეს ასეთი სერიოზული კრიმინალი და დამნაშავე. კანონის წინაშე ყველა თანაბარია და მოეპყარით, ისე, როგორც დანარჩენ პატიმრებს. მე არ ვამბობ, რომ მოეპყარით ისე, როგორც თავად ექცეოდა პატიმრებს, მაგრამ როგორც ექცევით დანარჩენ პატიმრებს, ისე მოექეცით. ნუ უქმნით სასათბურე პირობებს, ეს განაპირობებს სულ სხვა ძალადობას, ეს შობს შურისძიებას ადამიანებში და იმ პატიმრებში, რომლებიც თქვენ გიყურებენ და ხედავენ, რომ აქ ლამის საერთაშორისო დონის მიღებებს უწყობთ ამ კრიმინალს. არ შეიძლება ასე. თქვენ ამ ადამიანს, რომელიც ციხეებში მამაკაცებს აუპატიურებდა, მშობლების წინაშე აუპატიურებდა შვილებს და შვილების წინაშე მშობლებს, მოგმართავთ ხელისუფლებას, გამოფხიზლდით, ამ ხალხს უნდა სამართლიანობის აღდგენა. სწორედ სამართლიანობის არაღდგენამ მოიტანა ის, რომ 10 ათასი გზააბნეული ადამიანი იდგა თავისუფლების მოედანზე, აღადგინეთ სამართლიანობა, შვილებს ვეღარავის ვეღარ გაუცოცხლებთ, მაგრამ კანონის უზენაესობა აჩვენეთ ხალხს. აჩვენეთ, თუ გინდათ იყოთ ხელისუფლებაში. თუ არადა, ეს ხალხი წავა და დაუდგება ისეთ ძალას, რომელიც რეალურად აღადგენს სამართლიანობას, რეალურად დასჯის დამნაშავეებს და საზოგადოებას ექნება განცდა, რომ ამ ქვეყანაში კანონმა იზეიმა. ვიდრე ჯერ კიდევ ხართ ხელისუფლებაში, გონს მოეგეთ, აღადგინეთ სამართლიანობა, გაასამართლეთ რეჟიმი და მიეცით ამ ხალხს იმის განცდა, რომ უკეთეს საქართველოში იცხოვრებენ“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.