ნანა კაკაბაძე - სახალხო დამცველი ძალიან არაადეკვატურია, თავის უფლებამოსილებებში ვერ გაერკვა
ნანა კაკაბაძე - სახალხო დამცველი ძალიან არაადეკვატურია, თავის უფლებამოსილებებში ვერ გაერკვა

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო იცნობს ასზე მეტ პირველ პირს, რომლებიც სხვადასხვა სასჯელით არიან დაპატიმრებული და გასამართლებული, სააკაშვილის დაპატიმრებას საქართველოში არაადეკვატური რეაგირება მოჰყვა ერთი მხრივ, მედიასაშუალებებში, მეორე მხრივ – უფლებადამცველების მხრიდან.

მისივე შეფასებით, ძალიან არაადეკვატურია სახალხო დამცველი, რომელიც თავის უფლებამოსილებებში და პოზიციებში ვერ გაერკვა.

„სააკაშვილის დაპატიმრება ბოლო პერიოდში ლამის ზოგადსაკაცობრიო პრობლემად იქცა, როდესაც მსოფლიო იცნობს 101-ზე მეტ პირველ პირს – პრეზიდენტსა და პრემიერს, რომლებიც სხვადასხვა სასჯელით დაპატიმრებული, გასამართლებული არიან. თუმცა, ასეთი სერიოზული ბრალდებებით, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი გამოირჩევა, ძალიან იშვიათი გამონაკლისები თუ გასამართლებულან მსოფლიოში. მიუხედავად ამისა, საქართველოში ამას არაადეკვატური რეაგირება მოჰყვა ერთი მხრივ, მედიასაშუალებებში, მეორე მხრივ – უფლებადამცველების მხრიდან, და რაც მთავარია, ძალიან არაადეკვატურია სახალხო დამცველი, რომელიც თავის უფლებამოსილებებში და პოზიციებში ვერ გაერკვა.

რეჟიმს, რომელსაც სააკაშვილის სახელი უკავშირდება, ჰყავდა ასობით, ათასობით დაზარალებული, უფლებაშელახული ადამიანი, 300 000-ზე მეტმა ადამიანმა გამოიარა პროკურატურა, სასამართლოები, რომლებმაც თავის თავზე გადაიტანეს ის პრობლემები, რომლებიც თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან კარგად ვიცით – ციხეებში წამება, ღირსებისშემლახავი მოპყრობა და წამებით გამოწვეული სიკვდილი, ქუჩებში უდანაშაულო ადამიანების ჩახოცვა.

ამ ადამიანების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებიც კი არ აღძრულა, გამოძიებებიც არ იყო დაწყებული და ხელისუფლება მათ პირდაპირ, უაპელაციოდ უწოდებდა კრიმინალებს. ამას ემატება ომის პროვოცირება, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განახორციელა 2008 წელს და რომელსაც მოჰყვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა.

დღეს საშიშია იმის თქმა, რომ ჩვენი ქვეყანა იყო ამის ინსპირატორი, თუმცა ბრიუსელის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ამას მოაწერა ხელი სააკაშვილის გუნდმა და დაადანაშაულა საქართველო ომის პროვოცირებაში. ახალი ხელისუფლება – „ქართული ოცნება“ ძალიან მძიმე სიტუაციაში ჩავარდა იმ პერიოდში, რა პერიოდშიც ის იყო იძულებული, ემტკიცებინა საერთაშორისო სასამართლოების დონეზე თუ ქვეყნის შიგნით, რომ საქართველოს არ დაუწყია ომი, რომ ეს ჩვენი ტერიტორიები გახლდათ და რუსეთის შემოჭრა აგრესია იყო. ასეთივე დიდი დანაშაული იყო, როდესაც სააკაშვილმა ხელი მოაწერა 6-პუნქტიან შეთანხმებას, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო კაპიტულაცია და დღენახევრიანი ომის შემდგომ გამოაცხადა, რომ ნებდებოდა და საქართველოს მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ იქნებოდა“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

კაკაბაძე ამბობს, რომ იმ ადამიანებმა, რომლებსაც 9 წლის განმავლობაში უხეშად ერღვეოდათ უფლებები, სამართლიანობა უნდა ნახონ.

„დღეს ის ექსპრეზიდენტია და სირცხვილია, როდესაც საკუთარ ქვეყანაში, სადაც ის ქვეყნის პირველი პირი იყო, მაწვნებთან და არაჟნებთან ერთად შეიპარები. ერთი მხრივ, ეს სიმხდალეა. ოდესღაც უნდა დადგეს დრო, როდესაც სამართლიანობამ უნდა იზეიმოს. იმ ადამიანებმა, რომლებსაც 9 წლის განმავლობაში უხეშად ერღვეოდათ უფლებები, უნდა ნახონ სამართლიანობა“, – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის აპარატმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ N18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს. ასევე, არსებობს გარკვეული რისკი უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გამოიკვლიეს, რამდენად შეიძლება N18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილისთვის იმ სამედიცინო მომსახურების შეთავაზება, რომელიც ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის 23 ოქტომბრის დასკვნით არის განსაზღვრული.

სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უნდა შეარჩიოს ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი და ადეკვატური სამედიცინო სერვისისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მიხეილ სააკაშვილისთვის.

დატოვე კომენტარი