ნანა კაკაბაძე - მიზანია, გამოძიება გავიდეს კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, დანარჩენს ჩვენი მოქალაქეებიც ხედავენ, ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ახორციელებენ უცხოეთიდან მიღებულ დაკვეთებს
ნანა კაკაბაძე - მიზანია, გამოძიება გავიდეს კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, დანარჩენს ჩვენი მოქალაქეებიც ხედავენ, ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ახორციელებენ უცხოეთიდან მიღებულ დაკვეთებს

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენელი ნანა კაკაბაძე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

კაკაბაძის თქმით, გამოძიებას ჰქონდა დამაზუსტებელი კითხვები „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ პროკურატურაში შეტანილ საჩივართან დაკავშირებით.

„გამოძიებას ჰქონდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ჩვენს საჩივარს. იყო დამაზუსტებელი კითხვები. ვისაუბრეთ, ჩვენი აზრით, რა პრობლემებს ქმნის აქ ოპოზიცია. რატომ მივიჩნევდით, რომ ეს იყო მართული პროცესი ქვეყნის გარედან და რატომ ვფიქრობდით, რომ ეს იყო დაფინანსებული საერთაშორისო ფონდების მხრიდან“, – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

კაკაბაძის განმარტებით, საჩივრის მიზანია, გამოძიება გავიდეს კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე.

„დანარჩენს ჩვენი მოქალაქეებიც ხედავენ, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ახორციელებენ უცხოეთიდან მიღებულ დაკვეთებს და ვინ არიან ამის ავტორები ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 8 თებერვალს გამოძიება დაიწყო საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში, საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19,318-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 319-ე მუხლებით. საგამოძიებო უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემოტანილი განცხადება.