ნანა კაკაბაძე - ჩემთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია იყო ღირებულებებთან ასოცირებული, მაგრამ 2003 წლიდან სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს ადგილი საკუთარი ინტერესების, ძალაუფლების მიტაცების ადგილად აქციეს
ნანა კაკაბაძე - ჩემთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია იყო ღირებულებებთან ასოცირებული, მაგრამ 2003 წლიდან სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს ადგილი საკუთარი ინტერესების, ძალაუფლების მიტაცების ადგილად აქციეს

ჩემთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია იყო ღირებულებებთან და ფასეულობებთან ასოცირებული, მაგრამ მოხდა 2003 წელი, როდესაც სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს ადგილი აქციეს საკუთარი ინტერესების, ძალაუფლების მიტაცების ადგილად, – ამის შესახებ „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძემ რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენოს ხალხმა ის, რაც აღარასოდეს უნდა დაბრუნდეს ამ ქვეყანაში. კაკაბაძის განცხადებით, „უარი უნდა ვუთხრათ 2007 წლის 7 ნოემბერს და 7 ნოემბრის შემოქმედებს“.

„მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ. ეს ადგილი ჩემთვის ძალიან მრავალი კარგი მოგონების ადგილია. 1974 წელს აქ ქართველი ახალგაზრდობა იცავდა თავის ქართულ ენას, რომელიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ჩვენ შევძელით, რომ საქართველოს კონსტიტუციაში დარჩა ქართული და არა რუსული ენა. ეს იყო გამარჯვების დღე. ამას კიდევ სხვა მრავალი დღეები ახლდა. მათ შორის 1989 წლის 9 აპრილი, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის დროს, ქართველმა ხალხმა პირველმა თქვა ნება იმისა, რომ უნდა ვიყოთ თავისუფალი და დამოუკიდებელი. ჩემთვის ეს ადგილი იყო ამ ღირებულებებთან, ფასეულობებთან და საქართველოსთან ასოცირებული, მაგრამ მოხდა 2003 წელი, როდესაც სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს ადგილი აქციეს საკუთარი ინტერესების, ძალაუფლების მიტაცების ადგილად. ამ დღიდან დაიწყო ამ ადგილის რაღაცნაირი ნიველირება, დამცრობა. აქ დგას 9 აპრილის ძეგლი, გმირების, თავდადებულების მოსაგონრად, ამ ადგილს ახსოვს ისეთი დღეც, როდესაც ისიც შეურაცხყვეს. დღეს ეს შეურაცხყოფა ამ ხალხის მხრიდან გრძელდება და ეს ადგილი მუდმივად გადაქცეულია, სამწუხაროდ, ადგილად ძალაუფლებისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის ბრძოლის ადგილად.

ჩემი და თქვენი აქ ყოფნის მიზანი არის ის, რომ ეს ადგილი უნდა იქცეს ქართველი ხალხის ადგილად, სადაც ქართველი ხალხის ინტერესები, ჩვენი მომავლისთვის ბრძოლა უნდა იჭედებოდეს და არა ვიღაც თაღლითების, მატყუარების, თვითმარქვიების ბრძოლისა თუ მათი კეთილდღეობის ადგილად. მინდა, დღეს ვუხმო აქ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლთა ოჯახის წევრებს, რომელთა უდანაშაულო შვილები ამ რეჟიმმა შეიწირა. აქ არის ია მეტრეველი, ჯამბულ გამცემლიძე, თორნიკე მოლაშვილი. ეს ტრიბუნა ალბათ ვერ დაიტევს ადამიანებს, ვისი სისხლიც დაიღვარა ამ რეჟიმის დროს. მგონი, მათი წარმომადგენლობა საკმარისია, რომ თქვენ კიდევ ერთხელ გაგახსენოთ ის, რაც აღარასოდეს უნდა დაბრუნდეს ამ ქვეყანაში. ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ 2007 წლის 7 ნოემბერს და 7 ნოემბრის შემოქმედებს. მგონი, ამ დღიდან უნდა დაიწყოს“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.