ქალ მოჭადრაკეთა შორის გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული გუნდის ლიდერმა ნანა ძაგნიძემ დღეს ბოლო მე-11 ტურის პარტია ანტუანეტა სტეფანოვას წინააღმდეგ გამართა და საქართველოს ნომერ პირველმა მოჭადრაკემ შავი ფერის ფიგურებით 57-ე სვლაზე მეტოქესთან ყაიმი გააფორმა.
ევროპის 2017 წლის ჩემპიონმა ნანა ძაგნიძემ 11-დან 8 ქულა მოაგროვა და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.
11 შესაძლებლობიდან 9 ქულით ჩემპიონის ტიტული ვალენტინა გუნინამ მოიპოვა.
ქართველ მოჭადრაკეთაგან ევროპის პირველობაზე 7,5 ქულა ლელა ჯავახიშვილმა მოაგროვა და მე-11 ადგილზე გავიდა, 7 ქულით 22-ეა მერი არაბიძე, 6,5-6,5 ქულა მოაგროვეს ბელა ხოტენაშვილმა და ნინო ბაციაშვილმა და შესაბამისად, 29-ე და 35-ე შედეგები დააფიქსირეს, 6 ქულით 64-ე ადგილზეა მირანდა მიქაძე, ხოლო სალომე მელიამ 11 ტურის შემდეგ 4,5 ქულა მოაგროვა და შეჯიბრი 107-ე ადგილზე დაასრულა.