ნამსუკ კიმი - „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ პროექტის ფარგლებში საუკეთესო შედეგისთვის, საქართველომ რეგიონის ქვეყნებთან ძალები უნდა გააერთიანოს
ნამსუკ კიმი - „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ პროექტის ფარგლებში საუკეთესო შედეგისთვის, საქართველომ რეგიონის ქვეყნებთან ძალები უნდა გააერთიანოს

საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე პროექტის, „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ფარგლებში საქართველომ და მეზობელმა ქვეყნებმა ძალები უნდა გააერთიანონ, რათა რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღონ, – ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის პროექტების დირექტორმა, ნამსუკ კიმმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

გადაცემაში საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის პერსპექტივები და საერთაშორისო პროექტის „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ფარგლებში საქართველოს როლი და შესაძლო სარგებელი განიხილეს.

„ერთი სარტყელი – ერთი გზა“ ჩინეთის მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც აბრეშუმის გზის მასშტაბის გაფართოებას და მოდერნიზებას ემსახურება და საქართველო მასში თავიდანვე ჩაერთო. გაერო, მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარე, აკვირდება პროექტში ჩართულ 14 ქვეყანას ჩინეთიდან აღმოსავლეთ ევროპის ჩათვლით. აღნიშნულ ქვეყნებში შედის საქართველოც, რომელიც გაერო-ს პროექტს წლის დასაწყისში შეუერთდა. დღეს გაერო-ს პროექტის ფარგლებში პირველი ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სახელისუფლებო, დიპლომატიური, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ და „ერთი სარტყელი-ერთი გზის“ ფარგლებში საქართველოს შესაძლებლობები განიხილეს.

გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის პროექტების დირექტორმა, ნამსუკ კიმმა საქართველოს ხელსაყრელ გეოპოლიტიკურ მდებარეობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქვეყნას ნამდვილად აქვს პოტენციალი, ახალი აბრეშუმის გზის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტით ისარგებლოს, თუმცა ყველაზე კარგ შედეგს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ძალებს რეგიონის სხვა ქვეყნებთან გააერთიანებს.

„მჯერა, რომ საქართველო და მისი მოსახლეობა შესაბამის ინფრასტრუქტურაში ჩართვას და ამ პროექტში აქტიურ მონაწილეობას შეძლებენ. ეს პროექტი არის მსოფლიო მნიშვნელობის და საქართველოს ნამდვილად აქვს შესაბამისი პოტენციალი, რათა წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ ეს ყველაფერი აქტიური მოქმედების შედეგად უნდა მოხდეს. პოტენციალს რეალიზაცია სჭირდება და აქ იმისთვის ვართ, რომ პროექტში ჩართული სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით ვიმსჯელოთ. პროექტის ინფრასტრუქტურის მთლიანობიდან გამომდინარე, სახელმწიფოებმა ერთიანი ძალით უნდა იმოქმედონ. კაპიტალდაბანდებები ინფრასტრუქტურაში მხოლოდ საქართველოთი ვერ შემოიფარგლება. ამიტომ თუ ქვეყანა აზერბაიჯანს, თურქეთს, ან ყაზახეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შეურთდება, ეს იქნება მცდელობა საერთო მაქსიმალური სარგებლის მისაღებად. რაც შეიძლება მეტ გაერთიანებას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ძალები, რათა საუკეთესო შედეგი მივიღოთ“,- განმარტა კიმმა.

გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის პროექტების დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდ ინტერესს იჩენს „ერთი სარტყელი -ერთი გზის “ პროექტის მიმართ და როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორი სამაგალითოდ გახსნილია თანამშრომლობისთვის.

„საქართველო ნამდვილად კარგი მაგალითია, რადგან მრავალ ქვეყანაში შიდა დონეზე კაპიტალდაბანდებების ან მთავრობასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, პრობლემები იქმნება ხოლმე. საქართველოში ყველა შტო, იქნება ეს სახელისუფლო ორგანოები, კერძო სექტორი, ეკონომიკის სამინისტრო და ა.შ, ყველა ცდილობს, საკითხი სხვადასხვა კუთხით განიხილონ და ერთი მიზნის მისაღწევად იმოქმედონ“, – განუცხადა ნამსუკ კიმმა „ბიზნესპარტნიორს“.