„ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები „ენკას“ ერთ-ერთ ოფისთან იმყოფებიან და აცხადებენ, რომ მათი პროტესტი მშვიდობიანია
„ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები „ენკას“ ერთ-ერთ ოფისთან იმყოფებიან და აცხადებენ, რომ მათი პროტესტი მშვიდობიანია

„ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები კომპანია „ენკას“ ერთ-ერთ ოფისთან იმყოფებიან. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, მათი მიზანი არ არის დესტრუქციული ქმედებები და აღნიშნა, რომ მათი პროტესტი მშვიდობიანია.

აქციის მონაწილეები კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, კითხვები აქვთ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, რომელსაც პასუხები აუცილებლად უნდა გაეცეს.

„თუ აქციის რომელიმე მონაწილე შეეცდება კომპანიის ოფისზე თავდასხმას, ეს ქმედება განხორციელებული იქნება აქციის ორგანიზატორების ნების საწინააღმდეგოდ. თუ რაიმე პროვოკაციას ექნება ადგილი, ეს ადამიანები იქნებიან შემოგზავნილები და დროულად უნდა მოხდეს მათი განეიტრალება“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ამასთან, როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეები ცოტა ხანში „ენკას“ ოფისიდან ისევ გუმათის დასახლებაში დაბრუნდებიან, სადაც კარვები აქვთ გაშლილი.

შეგახსენებთ, დღეს გუმათის დასახლებაში „ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. ისინი სოფელ ნამახვანში შესვლას ითხოვდნენ, რათა გაეგრძელებინათ პროტესტი და სამართალდამცველების მიერ განთავსებული რკინის ჯებირები გაარღვიეს. ცოტა ხნის შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ უწყება არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე. პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს.

დატოვე კომენტარი