„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გუმათში ხვალ კიდევ რამდენიმე კარავს განათავსებენ
„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გუმათში ხვალ კიდევ რამდენიმე კარავს განათავსებენ

​„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გუმათის მოსახლეობასთან შეთანხმდნენ, თუ როგორ მოხდება მათ მიერ ავტომობილებისა და სამარშრუტო ტაქსების გატარება იმ შემთხვევებში, როდესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მირზა ნოზაძის თქმით, ხვალიდან ადგილზე კიდევ დაემატება კარვები.

„რკინის ჯებირები რჩება, პოლიცია აკონტროლებს პერიმეტრს და არ გვაძლევს თავისუფალი გადაადგილების საშუალებას. ჩვენ დღეს ვნახეთ, პოლიცია როგორ შეეცადა, დავეპირისპირებინეთ ჩვენ და გუმათის ანუ ჯებირების მეორე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა და როგორ შევძელით ჩვენ პროვოკაციის განმუხტვა. ავუხსენით და ინტენსიური მოლაპარაკება გვქონდა მოსახლეობასთან, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ დაკეტილი რჩებოდეს გუმათის გზა, რომელიც მიდის ბლოკპოსტთან. პრაქტიკულად, სოლიდარობა გამოგვიცხადა სოფლის მოსახლეობამ, ჩვენ შევთანხმდით ლოჯისტიკაზე, როგორ მოხდება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონკრეტული გატარებები მანქანებისა და სამარშუტო ტაქსების. პოლიციამ ვერ შეძლო ესკალაცია ჩვენსა და გუმათის მოსახლეობას შორის, რაც არის საკმაოდ დადებითი ნაწილი ჩვენი მოსახლეობასთან ურთიერთობის. ჩვენ ვაგრძელებთ აქციებს გუმათში და ხვალიდან გადავდივართ სამუშაო რეჟიმში უშუალოდ კარვებში. ხვალ დაემატება რამდენიმე კარავი ადგილზე და ინტენსიურად ვემზადებით 23 მაისის აქციისთვის“, – განაცხადა მირზა ნოზაძემ.

რაც შეეხება მოლაპარაკებას, ნოზაძის თქმით, ხელისუფლებამ პრაქტიკულად მოლაპარაკების სივრცე გააუქმა.

„ანუ ის შანსები და მოლოდინები, რომლებიც ჰქონდა მოსახლეობას, რომ ხელისუფლებასთან შეგვეძლებოდა გამჭირვალე დიალოგში დაჯდომა, ხელისუფლებამ თვითონვე მოჭრა ამისთვის გზები და ეს არის სამწუხარო. ამან ჩვენ გვაიძულა, დაგვეანონსებინა თბილისის აქცია და ჩვენ აუცილებლად იმ მასშტაბით, რა მასშტაბსაც ხელისუფლება იხილავს თბილისში, მათ ვაიძულებთ, ანგარიში გაუწიონ საკუთარი ხალხის ხმას და იგნორის ის გზა, რომელიც აირჩია ხელისუფლებამ, რომ დააიგნოროს პროტესტის რეალური მხარე და ისაუბროს კომპანიის დამფუძნებლებთან და სხვადასხვა სამეცნიერო ჯგუფებთან, მოუწევს გადააფასოს ეს ყოვლად უგუნური მიდგომა და ამას მივაღწევთ ჩვენი ერთობითა და ხალხის მობილიზებით, რომლებსაც ერთი სული აქვთ, როდის მოიყრიან თავს თბილისში და ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი მოთხოვნა, რომ ხალხის ხმის დახშობა ვერ მოახერხოს ხელისუფლებამ“, – აღნიშნა მირზა ნოზაძემ.