„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქცია გუმათის დასახლებაში გრძელდება, აქციის მონაწილეები სოფელ ნამახვანში შესვლის უფლებას ითხოვენ
„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქცია გუმათის დასახლებაში გრძელდება, აქციის მონაწილეები სოფელ ნამახვანში შესვლის უფლებას ითხოვენ

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები სოფელ ნამახვანში შესვლის უფლებას ითხოვენ, რათა გააგრძელონ მშვიდობიანი პროტესტი.

მისი თქმით, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი ამ წუთებში გუმათში გრძელდება.

„წუხანდელმა ღამემ მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად ჩაიარა. ეს ბოლო აკორდი, რაც უნდა ყოფილიყო, რომ უნდა დავერბიეთ პოლიციას, აღარ მოხდა. მიიღეს ბრძანება, რომ აღარ გადაეარათ ჩვენთვის საპოლიციო ძალებს. ახლა ვართ გუმათში, სადაც გადაკეტილი გვაქვს გზა და ვითხოვთ ჩვენს კანონიერ უფლებას, მშვიდობიანად შევიდეთ ნამახვანში და შევძლოთ მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება. ეს არის ჩვენი დღევანდელი მოთხოვნა და აქ შეკრების მიზანი.

რაც შეეხება იმ ადგილს, სადაც კარვები გვქონდა გაშლილი, მართალია, პოლიციამ დაარბია და თან გადახნეს ის ტერიტორია, ანუ ეს რას ემსახურება ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ უფრო იმას, რომ აღარ ჩავიდეთ იმ მიწაზე. პოლიციას ჰქონდა ბლოკპოსტი მოწყობილი და შერჩევით ატარებდა ადამიანებს, მაგრამ ახლა ჩვენც გადავკეტეთ მეორე მხარეს და სრულად პარალიზებული გვაქვს. აქციას რაც შეეხება, ჩვენ არ გვითქვამს აქციის ზუსტი დრო, რადგან ეს არ არის ისეთი აქცია, როცა ადამიანი მოვა ერთი საათით და წავა. ჩვენ ადამიანებს მოვუწოდეთ, რომ აქ ვდგავართ დღე და ღამე, მოვიდნენ და ჩვენთან ერთად იყვნენ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

გუმათის დასახლებაში სამართალდამცველები რჩებიან, რომელთაც ჯებირები აქვთ განთავსებული და გამვლელები სოფელ ნამახვანის მიმართულებით გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

ამასთან, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი მადონა ბასილაძე აცხადებს, რომ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლებაში უხეში ჩარევა რომ თავიდან იყოს აცილებული, მნიშვნელოვანია „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს მიეცეთ მათ მიერ შეთავაზებულ ლოკაციაზე შეკრების საშუალება.

„სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ამ საკითხის შესწავლას. გუშინ ადგილზე ვიმყოფებოდით. ეს ძალიან კომპლექსური საკითხია და რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. ორ კონკრეტულ საკითხზე შეიძლება, ყურადღება გავამახვილოთ. ერთი მხრივ, გზა გადაკეტილია საპოლიციო ძალების მიერ და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეებსა და საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია გზის გადაკეტვის მიზნისა და ხანგრძლივობის შესახებ. მეორე საკითხი არის კარვების აშლა. კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლებაში უხეში ჩარევა რომ თავიდან იყოს აცილებული, ძალიან მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეებს მიეცეთ მათ მიერ შეთავაზებულ ლოკაციაზე შეკრების შესაძლებლობა. უარის შემთხვევაში კი, უნდა იცოდნენ აქტივისტებმა, საზოგადოებამ და მათ უნდა შესთავაზონ სხვა ალტერნატიული ადგილი, რომელიც არ დაუკარგავს ამ შეკრებას მიზანსა და არსს“, – განაცხადა მადონა ბასილაძემ.

შეგახსენებთ, გუმათჰესის დასახლებაში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა საკუთარი ავტომობილებით გზა გუშინ გადაკეტეს.