„ნამახვანჰესის“ პროექტის აღმასრულებელი დირექტორი - დარწმუნებული ვარ, კონსენსუსი გამოინახება, შეჯერდება აზრები და მოხდება პოზიციების თანხვედრა
„ნამახვანჰესის“ პროექტის აღმასრულებელი დირექტორი - დარწმუნებული ვარ, კონსენსუსი გამოინახება, შეჯერდება აზრები და მოხდება პოზიციების თანხვედრა

პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, მოხარული ვარ და მივესალმები, რომ დიალოგი დაიწყო, დაიწყო კომუნიკაცია მხარეებს შორის, რისი ნაკლებობაც ცალსახად სახეზე გვქონდა, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

ლომინაძე დარწმუნებულია, რომ „ნამახვანის“ პროექტთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდება. 

„დარწმუნებული ვარ, ყველა მონაწილე მხარე ამ პროცესში გახლავთ მომართული იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო ძლიერი, დამოუკიდებელი. დარწმუნებული ვარ, კონსენსუსი გამოინახება, შეჯერდება აზრები და მოხდება პოზიციების თანხვედრა ისეთ მნიშვნელოვან პროექტთან დაკავშირებით, როგორიც „ნამახვანია“. არაერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ყველა სახის დიალოგისთვის, სადაც იქნება გათვალისწინებული ყველა მხარის ინტერესი. მგონია, კონსენსუსის და შეთანხმების გარეშე მსგავსი მასშტაბის პროექტების განხორციელება იქნებოდა შეუძლებელი. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას, ნებისმიერ პროცესში, რომ შევთანხმდეთ, შევჯერდეთ, როგორ მოხდება ამ პროექტის განხორციელება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ არსებობს დახურული საკითხი, ღია ვართ ნებისმიერი საკითხის განსახილველად. მზად ვართ მოვისმინოთ კითხვები, საგნობრივად გავიაროთ ნებისმიერი ანგარიში თუ კითხვა ამა თუ იმ მიმართულებით, რომელიც შესაძლოა, ჰქონდეს საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, მედიას თუ სხვა დაინტერესებულ პირს. მიმაჩნია, მივაღწევთ ერთიან კონსენსუსს და შეთანხმებულად ავაშენებთ, განვახორციელებთ ისეთ მსხვილ პროექტს, რომელსაც ტოლი არ ჰქონია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, რომელიც განამტკიცებს და გაამყარებს ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას“, – განაცხადა მერაბ ლომინაძემ.