„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში რჩებიან
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში რჩებიან

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები დილიდან სოფელ გუმათში არიან შეკრებილები. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კვლავ სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლებას ითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რკინის კონსტრუქციის ნაწილი, რომლითაც რამდენიმე დღის განმავლობაში გზა ჰქონდა გადაკეტილი, გუშინ აიღო, თუმცა გზა კვლავ რკინის ჯებირებით არის გადაკეტილი და სოფელ ნამახვანისკენ მოძრაობა ისევ აკრძალულია.

თავის მხრივ, საავტომობილო გზა ავტომობილებით გადაკეტილი აქვთ ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებსაც.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ისინი ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდებიან. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების თქმით, დიალოგი მაშინ გაგრძელდება, როდესაც მათი მოთხოვნები შესრულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონისა და ავტობანების პიკეტირებას აანონსებენ.

„ჯერჯერობით ვართ მოლოდინის რეჟიმში. არ ამოწურულა ის დრო, რა დროც ითხოვეს გადაწყვეტილების მისაღებად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამივე პირობა დაკმაყოფილდეს, რომლებიც დავაყენეთ, რათა შემდგომში მოგვეცეს საუბრის გაგრძელების საშუალება. იწურება ახლა ეს დრო და ღელავენ ადამიანები, ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა აქციის მონაწილეთა მიერ დაყენებული პირობების შინაარსი.

„სამი პუნქტი არის ის, რომ შეწყდეს ეს რეპრესიული მოქმედებები, აიღონ ბარიკადები და მოგვეცეს ჩვენი პროტესტის ძირითად ადგილზე დაბრუნების საშუალება, სადაც კარვები გვქონდა გაშლილი და კომპანიისგან შეწყდეს სამუშაოები რიონის ხეობაში. ეს არის ის პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს და ამის შემდეგ ვილაპარაკებთ დანარჩენზე. თუ ასე არ იქნება, ბუნებრივია, ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს არის აბსოლუტურად დროის გაყვანის პროცესი და მათ არანაირი საუბარი არ სურთ ჩვენთან, ამიტომ ჩვენი დაგეგმილი სტრატეგიით ვიმოქმედებთ და ამ მოლოდინის რეჟიმში აღარ ვიქნებით, ბუნებრივია. სტრატეგიაში იგულისხმება მასშტაბური პიკეტირება, შემდეგ მასშტაბური აქციები და სხვა“, – აღნიშნა გოლეთიანმა.

მისაღებია თუ არა აქციის მონაწილეებისთვის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება, გოლეთიანმა აღნიშნა, რომ მთავარია, მოლაპარაკებაში ჩართულ პირს ლეგიტიმაცია ჰქონდეს.

„ჩვენთვის მთავარია, რომ ლეგიტიმაცია ჰქონდეს, ვისაც გამოგზავნის პრემიერი, რომ მას ჰქონდეს კის ან არას თქმის უფლება. მას არ უნდა უწევდეს პროცესის შეთანხმება სხვაგან. უნდა იყოს აბსოლუტურად უფლებამოსილი საკითხთან დაკავშირებით და დიალოგის პროცესში იქვე რა გადაწყვეტილებაც მიიღება, ის იქნება საბოლოო“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.