„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები კვლავ სოფელ გუმათის შესასვლელში იმყოფებიან
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები კვლავ სოფელ გუმათის შესასვლელში იმყოფებიან

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები კვლავ სოფელ გუმათის შესასვლელში იმყოფებიან. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, პროტესტი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

გოლეთიანი ამბობს, რომ აქციის მონაწილეებს რკინის ჯებირების მეორე მხარეს გადასვლის მცდელობები კიდევ არაერთხელ ექნებათ. მისი თქმით, რკინის ჯებირების მეორე მხარეს გადასვლას სიმბოლური ხასიათი აქვს.

„გუშინ ვეცადეთ ჩვეულებრივად, რომ გაგვევლო ბარიკადები და გადავსულიყავით მეორე მხარეს. ამას მოჰყვა დაპირისპირება პოლიციასთან, მაგრამ დაკავებული არავინ არ არის. რაც შეეხება ჩვენ გეგმას, ყოველდღიურად იქნება მცდელობები გავლისა, იქნება ხმაურით გამოხატვა პროტესტის. თავიდანვე ვთქვით, რომ ხეობა გადაკეტილი იქნება და არ მივცემთ მუშახელს აქ შემოსვლის უფლებას. ვეცდებით, რომ ამ ნაწილში ჩავკეტოთ ხეობა და გადაადგილება შეეზღუდოს კომპანიის ტექნიკას.

ბარიკადებზე გავლა სიმბოლურია რადგან, ხელისუფლებისთვისაც სიმბოლურია აქ ჩვენი გატარება, ოდნავადაც არ უკავშირდება ეს უსაფრთხოებას. გეტყვით რატომ, ჩვენ კომპანიის ბაზასთან ვდგავართ, მაგრამ შეჭრა და დაზიანება რომ უნდოდეს ვინმეს რამის, ბუნებრივია, იქ ვართ. ამ ბარიკადის მიღმა 20 კილომეტრია დაახლოებით პირველ ბაზამდე და აქედან რომც წავიდეთ ფეხით, ახლა იქ ვერავინ ვერ ავა. უბრალოდ ამ გზაზე გავლას აქვს მათთვისაც და ჩვენთვისაც სიმბოლური დატვირთვა. ისინი არ გვიშვებენ, რადგან იქ შესვლა რაღაცას ნიშნავს მათთვის და ჩვენთვისაც ნიშნავს იმას, რომ შევედით. მიდის ეს ჭიდილი და ამიტომ ეს გაგრძელდება“,- განაცხადა გოლეთიანმა.

გოლეთიანის თქმით, მათი მიზანია, კომპანია „ენკამ“ ხეობაში სამუშაოების გაგრძელება ვერ შეძლოს.

„ჩვენ ზოგადად ვაპირებთ, რომ კომპანიამ ვერ შეძლოს სამუშაოების გაგრძელება ხეობაში. ამ წუთებში მუშები გაყვანილი არიან ხეობიდან. ამიტომ უნდა დავიცვათ ხეობა, რომ არ შემობრუნდნენ უკან. რაც შეეხება ხეობაში მუშა პროცესს, არ ვიცით ზუსტად, რა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ ვცდილობთ, რომ მოუახლოვდეთ იმ არეალს და ამ მიმართულებითაც გადავდგამთ ნაბიჯებს, რომ ახლოს მივიდეთ.

პროტესტის ფორმა უფრო რადიკალური არ გახდება. ჩვენ ვამბობთ, რომ ვემიჯნებით არაკანონიერი მოქმედების გზებს. კანონის ჩარჩოებიდან არ და ვერ გავალთ. ვეცდებით, ამ ფარგლებში მოვახერხოთ კომპანიისთვის ხელის შეშლა, რომ ვერ გააგრძელონ ხეობაში მუშაობა, მაგრამ ვეცდებით ახლოს მივიდეთ და მათ შორის კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს მოვუწოდოთ, რომ არ მიიღონ ამ უკანონო და ანტისახელმწიფოებრივ პროცესში მონაწილეობა“,- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.