„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ აღდგომის კვირაში რაიმე სახის აქტივობას არ გეგმავენ
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ აღდგომის კვირაში რაიმე სახის აქტივობას არ გეგმავენ

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები აღდგომის კვირაში რაიმე სახის აქტივობას არ გეგმავენ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მაკა სულაძემ განუცხადა.

სულაძის თქმით, რადგან პროტესტის მონაწილეთა უმეტესობა არის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი, ამიტომ მძიმე დღეებში არავითარ აქტივობას არ გეგმავენ. როგორც სულაძე აღნიშნავს, გამონაკლისი იქნება შემთხვევა, თუ ხელისუფლება რაიმე პროვოკაციულ ნაბიჯს გადადგამს. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში იძულებული გახდებიან, ამაზე პასუხი გასცენ.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, პოზიციებს არ ვცვლით და არც შევცვლით. ამჟამად, რადგან ეს ერთი კვირა არის ძალიან მძიმე მარხვა, ვცდილობთ, რომ რაიმე ისეთი აქტივობა არ გვქონდეს. იცით, რომ ყველა ჩვენგანი, აქციის ორგანიზატორი ვართ მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს დღეები იყოს მშვიდი. თუ, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან არ იქნება რაიმე პროვოკაციული ქმედებები, რაზეც აუცილებლად დაგვჭირდება პასუხის გაცემა“,- განაცხადა მაკა სულაძემ.

აქცია „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ იმერეთში 182 დღეა, მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი