ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, ე.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა და ამჟამად პატიმრობაში მყოფმა მისმა ექვსმა თანამზრახველმა 2021 წლის 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ყოფნისას, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს, ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ე.ა.-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.