„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია სოფელ გუმათში გრძელდება
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია სოფელ გუმათში გრძელდება

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია სოფელ გუმათში გრძელდება. „ნამახვანჰესისკენ“ მისასვლელი გზა კვლავ გადაკეტილია რკინის კონსტრუქციით. ადგილზე რჩებიან სამართალდამცავები.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდებიან.

მისივე თქმით, დიალოგი გაგრძელდება მას შემდეგ, რაც მათი მოთხოვნები შესრულდება.

„ველოდებით ხელისუფლებისგან იმ პირობების შესრულებას, რომელიც დავაყენეთ შეხვედრაზე. ეს იმდენად ფუნდამენტალურ უფლებებზე გადის, რომ აუცილებელია ამ პირობების შესრულება, რათა დიალოგის სივრცე გაჩნდეს. თუ პირობები არ შესრულდება, გავაგრძელებთ პროტესტს. მათი არჩევანია, მიიღონ მასშტაბური პროტესტი თუ გადაიყვანონ ეს ამბავი კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში, მაგრამ უწევთ მნიშვნელოვანი დათმობების გაკეთება, ვიდრე დიალოგს დავიწყებთ. თუ აქ ეს რეპრესია გაგრძელდა და არ მოგვეცა პროტესტის გაგრძელების საშუალება, ეს ლოგიკიდან ამოაგდებს პროცესს. ჩვენი სამი მოთხოვნის შესრულებისკენ ველოდებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. პირველ რიგში სამშენებლო კომპანია „ენკამ“ უნდა შეწყვიტოს რიონის ხეობაში მოსამზადებელი სამუშაოები. მეორე, უნდა მოიხსნას რკინის ბარიკადები და მოგვეცეს ჩვენ „ნამახვანისკენ“ გადაადგილების და პროტესტის ძველ ადგილზე კარვების გაშლის შესაძლებლობა“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გუშინ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსისა და გუბერნატორების, ასევე დეპუტატებისა და „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების შეხვედრა გაიმართა.

დიალოგში ხელისუფლების მხრიდან მონაწილეობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, უმრავლესობის წევრები დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანი აღნიშნა, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის გასაგრძელებლად სამი წინაპირობა დაასახელეს, ესენია, ხეობიდან პოლიციის გასვლა, სამუშაოების შეწყვეტა და ადგილზე კარვების დაბრუნება.