„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებისას აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებისას აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა

სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებისას აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მას პირველადი დახმარება აღმოუჩინა.

წინასწარი ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.

სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება ცოტა ხნის წინ მოხდა. აქტივისტები ბარიკადებს მიღმა გადასვლას და ნამახვანისკენ წასვლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც პოლიციამ მათ არ მისცა. ამ ფაქტს მათ შორის დაპირისპირება მოყვა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლის ინფორმაციით, დაკავებულია აქციის ორი მონაწილე. ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ამასთან, შსს-მ განცხადება გაავრცელა. უწყება მოუწოდებს გუმათში შეკრებილებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. შსს-ს ცნობით, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.