„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ამბროლაურის მოსახლეობას ხვდებიან
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ამბროლაურის მოსახლეობას ხვდებიან

მოძრაობა „რიონის ხეობის მცველები“ ცაგერის მოსახლეობის შემდეგ, სამოქმედო გეგმას ამბროლაურის მოსახლეობას აცნობს.

შეხვედრა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრთან მიმდინარეობს.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი საქართველოს ყველა რეგიონში ჩავლენ და შეხვედრებს გამართავენ. ისინი მოსახლეობას თბილისში, 23 მაისს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, 23 მაისს მასშტაბური აქცია გაიმართება და ხელისუფლებამ ხალხის ნება უნდა გაითვალისწინოს.

„ვიდრე 23 მაისამდე მივალთ, სხვადასხვა ქალაქში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გვქონდა დაგეგმილი. ასეთი პირველი შეხვედრა იყო წყალტუბოში, დღეს ვიყავით ცაგერში, სადაც ლენტეხის მოსახლეობაც იყო ჩამოსული, ახლა კი ვიმყოფებით ამბროლაურში და შევხდებით ადგილობრივებს, კიდევ უფრო კარგად გავაცნობთ საკითხის შინაარსს და დეტალებს. ხვალ უკვე დაგეგმილი გვაქვს გასვლა გურიაში. მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ 23-ში დაგეგმილ აქციაზე მოვიდნენ და ვუხსნით, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბევრი ადამიანი ვიდგეთ 23-ში დედაქალაქში. ზოგადად ვცდილობთ, პირდაპირი კომუნიკაციით მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას.

ჩვენ მიერ დაყენებული საკითხები უკავშირდება „ნამოხვანს“. ჩვენ არ ვართ პარტია, რომელსაც მოეთხოვება ან ევალება ფართო სპექტრის და ხედვების წარმოდგენა სხვადსხვა მიმართულებით. ვცდილობთ, ჯერ პრეცედენტი შევქმნათ, რომ „ნამოხვანთან“ დაკავშირებული სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი გადაწყდეს ხალხის სასარგებლოდ. შემდეგ კი რა პრობლემებიც დაუდგება საზოგადოებას, როგორც სახალხო მოძრაობა, ვეცდებით, ადეკვატური რეაგირება ვიქონიოთ ამ ყველაფერზე“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გოლეთიანმა აღნიშნა, რომ დედაქალაქში დაგეგმილ აქციას განგრძობითი ხასიათი ექნება, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბარი არ ისურვა.