ნახევარი საუკუნის შემდეგ, „ჯოჯოხეთის კარიბჭეში“ ცეცხლი თითქმის მთლიანად ჩააქრეს — #1tvმეცნიერება
თურქმენეთის ხელისუფლების განცხადებით, მნიშვნელოვნად შეასუსტეს გაზის ცეცხლი, რომელიც უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია გიზგიზებს ე. წ. ჯოჯოხეთის კარიბჭეში.
ყარაყუმის უდაბნოში ცეცხლი 1971 წლიდან ანთია, მას შემდეგ, რაც საბჭოთა მეცნიერებმა შემთხვევით გაბურღეს მიწისქვეშა გაზის „ჯიბე“, შემდეგ კი გადაწყვიტეს, ცეცხლი წაეკიდებინათ.
ორმოდან დიდი ოდენობით მეთანი ამოდის, აირი, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს კლიმატის ცვლილებაში.

ოფიციალური უწყებების განცხადებით, ცეცხლი, რომელიც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა იყო, სამჯერ შემცირდა.
„ცეცხლის უზარმაზარი ალი, რომელიც რამდენიმე კილომეტრიდანაც კი ჩანდა, თითქმის ჩამქრალია და ოდნავღა ანთია“, — ამბობს სახელმწიფო ენერგოკომპანია „თურქმენგაზის“ დირექტორი ირინა ლურიევა.

მისი განცხადებით, მეთანის „დასაჭერად“ ცეცხლის გარშემო მრავალი ჭა გაბურღეს.
თურქმენეთი — მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დახურული ქვეყანა, მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა გაზის მარაგებით.

ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, საბადოებიდან გაჟონვის გამო, თურქმენეთი მსოფლიოში მეთანის უდიდესი გამომყოფია, რასაც ხელისუფლება უარყოფს.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.