ნახევარფაბრიკატების მწარმოებელ შპს „მადას“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა [ფოტო, ვიდეო]

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა ნახევარფაბრიკატების საწარმო შპს „მადა“ შეამოწმა. სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტირებისას გამოვლინდა ცხრა კრიტიკული შეუსაბამობა: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, სურსათის შენახვის, წარმოება/გადამუშავების არასათანადო პირობები; კოროზირებული დანადგარები და ასე შემდეგ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

მათივე ცნობით, შპს „მადა“ საქმიანობის გაგრძელებას მხოლოდ შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ შეძლებს.

„ნახევარფაბრიკატების მწარმოებელ შპს „მადას“ იურიდიული მისამართია ქ.თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, მუხიანის მე-3 მ/რ-ნი, ხოლო ფაქტობრივი მისამართია – დიდი დიღომი, ნაკვეთი N8. აღნიშნულ წარმოებას არაფერი აქვს საერთო საკონდიტრო საწარმო „მადარტთან“, რომელიც მომხმარებლისთვის „მადას“ სახელით არის ცნობილი“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.