ბელგიელი ფეხბურთელი რაჯა ნაინგოლანი აცხადებს, რომ ნაკრებში დაბრუნებას იმ შემთხვევაშიც არ აპირებს, თუ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე რობერტო მარტინესს შეცვლიან. მილანის „ინტერის“ 30 წლის ნახევარმცველი რუსეთში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შემადგენლობაში ვერ მოხვდა, რის გამოც გაწბილებული დარჩა და განაცხადა, რომ ეროვნულ გუნდში აღარასოდეს ითამაშებდა.
„მე არ ვაპირებ ეროვნულ გუნდში დაბრუნებას. ადრეც ვთქვი, რომ თუ მუნდიალზე არ წავიდოდი, სანაკრებო კარიერას დავასრულებდი და მე სიტყვის კაცი ვარ. მე ფეხბურთს აქ ვთამაშობ, „ინტერში“, და ძალიან კმაყოფილი ვარ ცხოვრებით. რაც შეეხება მოედნის მიღმა ცხოვრებას, სრულიად სხვა გეგმები მაქვს“, – უთხრა ნაინგოლანმა ჟურნალისტებს, – „ხვალ რომ მწვრთნელი გამოცვალონ და ახალმა დამიძახოს, მაინც უარს ვიტყვი. გადაწყვეტილებას როდესაც ვიღებ, ის საბოლოოა. კარგად ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ ნაკრები ჩემთვის დასრულებულია“.
სანამ ბელგიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად რობერტო მარტინესი დაინიშნებოდა, რაჯა ნაინგოლანი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იყო და მარკ ვილმოტსის ხელმძღვანელობით ყველა მატჩში ჰქონდა მიღებული მონაწილეობა.
მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადში ნაინგოლანის არშეყვანის შემდეგ, მარტინესმა განაცხადა, რომ მსგავსი მაღალი კლასის ფეხბურთელის გუნდს მიღმა დატოვება რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ამას ტაქტიკური მიზეზები ჰქონდა.