ნაფტალი ბენეტი - ისრაელს აქვს მორალური მოვალეობა, იყოს შუამავალი კიევსა და მოსკოვს შორის, თუნდაც მცირე შანსების არსებობის შემთხვევაში
ნაფტალი ბენეტი - ისრაელს აქვს მორალური მოვალეობა, იყოს შუამავალი კიევსა და მოსკოვს შორის, თუნდაც მცირე შანსების არსებობის შემთხვევაში

ისრაელს აქვს მორალური მოვალეობა, იყოს შუამავალი კიევსა და მოსკოვს შორის, თუნდაც მცირე შანსების არსებობის შემთხვევაში, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტიმ განაცხადა.

ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვსა და გერმანიაში გაემგზავრა ქვეყნების ლიდერებთან სასაუბროდ, რათა დაეხმაროს ყველა მხარეს შორის დიალოგს.

„როგორც ყველამ ვიცით, ადგილზე მდგომარეობა არ არის კარგი. ადამიანთა ტანჯვა დიდია და შეიძლება, კიდევ უფრო დიდი იყოს, თუკი საქმე ასე გაგრძელდება. ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას მოთხოვნის შესაბამისად. ვიდრე სანთელი იწვის, ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ნაფტალი ბენეტის განმარტებით, უკრაინაში ომის გამო ისრაელი იმიგრაციის „მნიშვნელოვანი ტალღისთვის“ ემზადება, რაც ქვეყნის „გამოწვევაა.“

ისრაელის მედია წერს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთხელ ესაუბრა. ბოლო 24 საათში მხარეებს შორის მესამე საუბარი გაიმართა.