ნაფტალი ბენეტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ისტორიული ვიზიტით იმყოფება
ნაფტალი ბენეტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ისტორიული ვიზიტით იმყოფება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პირველი ისტორიული ვიზიტით იმყოფება და მხარეთა შორის ურთიერთობების გაღრმავების მოწოდებით გამოვიდა.

ბენეტი აბუ-დაბიში გუშინ, 12 დეკემბერს ჩავიდა და ამავე დღეს გამართა შეხვედრა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრთან აბდულა ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანთან. დღეს ის შეხვედრას გამართავს აბუ-დაბის მემკვიდრე პრინცთან მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან.

„გზავნილი, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებსა და მათ მოქალაქეებს მივაწოდე არის, რომ ორმხრივი პარტნიორობა და მეგობრობა ბუნებრივია. ჩვენ ვართ მეზობლები და ბიძაშვილები, ჩვენ წინასწარმეტყველ აბრაამის შვილიშვილები ვართ“, – განაცხადა ბენეტმა.

ბენეტმა ქვეყნებს შორის ურთიერთობას ორივე მხარისთვის და მთელი რეგიონისთვის „ძვირფასი საგანძური“ უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყნები ერთად კარგად მუშაობენ უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. ბენეტის განცხადებით, თანამშრომლობა ვაჭრობის, კვლევის, კიბერუსაფრთხოების, ჯანდაცვის, განათლების, ავიაციისა და სხვა სფეროებში არის პოზიტიური კავშირების განვითარების გზა.

„იმედი მაქვს, ჩვენი ურთიერთობები იქნება კარგი, განსაკუთრებით ეკონომიკურ სფეროში. ჩემი აზრით, ჯანდაცვისა და სასურსათო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა წარმოადგენს აგრეთვე ურთიერთობების ძირითად ნაწილს. ჩვენს შორის ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა რამდენიმე თვეში დაჩქარდა და უსაზღვროა მისი განვითარების მომავალი შესაძლებლობები, რაც კიდევ ერთი ელემენტია ამ რეგიონში სტაბილურობისა და კეთილდღეობის გასაძლიერებლად“ – განაცხადა ნაფტალი ბენეტმა.

აღსანიშნავია, რომ ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანს და მის ბირთვულ პროგრამას, როგორც ძირითად საერთო საფრთხეს, ისე უყურებენ. ბენეტის მიმდინარე ვიზიტი ხდება მაშინ, როდესაც მსოფლიო ძალები აგრძელებენ მოლაპარაკებებს ავსტრიაში ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე. გასულ წელს ემირატებმა არაბულ ქვეყნებს შორის ათწლეულების განმავლობაში დადებული პოლიტიკური შეთანხმება დაარღვიეს. ამ დრომდე ეგვიპტე და იორდანია იყვნენ მხოლოდ ორი არაბული სახელმწიფო, რომლებსაც ისრაელთან ჰქონდათ დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ 2020 წლის სექტემბერში, ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების თაობაზე შეთანხმება გაფორმდა. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება აშშ-ის იმდროინდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით მოხდა. ტრამპის ხელშეწყობით ბაჰრეინი, მაროკო და სუდანი გასულ წელს ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ.