ნაფტალი ბენეტი აცხადებს, რომ 2022 წლის მარტში გამართული შეხვედრისას პუტინი მას დაჰპირდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის არ მოკლავდა
ნაფტალი ბენეტი აცხადებს, რომ 2022 წლის მარტში გამართული შეხვედრისას პუტინი მას დაჰპირდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის არ მოკლავდა

ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი აცხადებს, რომ მარტში გამართული შეხვედრისას პუტინი მას დაჰპირდა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის არ მოკლავდა. ამის შესახებ ბენეტმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ნაფტალი ბენეტი იხსნებს, რომ რუსეთის ლიდერს 2022 წლის მარტის დასაწყისში შეხვდა, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით ცდილობდა ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ორგანიზებას. ისრაელის ყოფილი პრემიერის თქმით, ზელენსკი მაშინ თავშესაფარში იმყოფებოდა. ნაფტალი ბენეტის განმარტებით, შეხვედრისას პუტინმა ის დაარწმუნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს არ მოკლავდა.

„ზელენსკის მოშორება. ეს ყველაზე ძვირფასია, ეს ლიდერის სიცოცხლეა. ვიცოდი, რომ ზელენსკის ემუქრებოდნენ თავშესაფარში და რომ მათ არ იცოდნენ მისი ადგილმდებარეობა. რაღაც მომენტში პუტინს ვუთხარი: „მისმინე, რა ხდება ამ ამბავთან დაკავშირებით? შენ აპირებ მის მოკვლას?“ მან მითხრა: „მე არ მოვკლავ ზელენსკის“, – განაცხადა ბენეტმა.

ისრაელის ყოფილი პრემიერის თქმით, კრემლიდან გამოსვლის შემდეგ, აეროპორტის გზიდან მან დაურეკა ზელენსკის და პუტინის სიტყვები გადასცა. როგორც ბენეტი ამბობს, ამის შემდეგ ორ საათში უკრაინის პრეზიდენტი ავიდა თავის კაბინეტში და გადაიღო ვიდეო, სადაც თქვა: „მე არ მეშინია“.

როგორც გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, ბენეტსა და პუტინს შორის შეხვედრა 5 მარტს შედგა. ზელენსკიმ ნამდვილად ჩაწერა ვიდეომიმართვა, სადაც ამბობს, რომ კიევში რჩება, არ იმალება და არაფრის ეშინია, თუმცა ვიდეო 7 მარტს არის ჩაწერილი.