ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მალტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ბიზნესმენი იორგენ ფენეკი 2017 წელს მალტელი ჟურნალისტის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ არ ცნო
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მალტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ბიზნესმენი იორგენ ფენეკი 2017 წელს მალტელი ჟურნალისტის, დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ არ ცნო.
პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ფენეკმა მკვლელობის შემსრულებლებს 150 ათასი ევრო გადაუხადა. ფენეკი ბრალდებას უარყოფდა და ამბობდა, რომ ჟურნალისტის მკვლელობაში მალტის პრემიერ-მინისტრის, ჯოზეფ მუსკატის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი კიტ სკემბრი მონაწილეობდა. მუსკატი თანამდებობიდან 2020 წელს გადადგა.
ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი 2 სექტემბერს, საღამოს გამოიტანეს. მათ ფენეკი ორივე ბრალდებაში – კარუანა გალიციას მკვლელობაში თანამონაწილეობასა და მკვლელობის მიზნით დანაშაულებრივ შეთქმულებაში უდანაშაულოდ ცნეს.
ცხრა ნაფიცი მსაჯულიდან რვამ გამამართლებელ ვერდიქტს დაუჭირა მხარი.
როგორც ბრიტანული „გარდიანი“ აღნიშნავს, პრაქტიკულად, ეს ერთსულოვან გადაწყვეტილებას ნიშნავს.
ვერდიქტის გამოცხადებისთანავე იორგენ ფენეკი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მან სასამართლოს შენობა უკომენტაროდ დატოვა.
„გარდიანის“ ცნობით, მოსალოდნელია, რომ პროკურატურა გამამართლებელ ვერდიქტს გაასაჩივრებს.
დაფნე კარუანა გალიცია 2017 წლის ოქტომბერში მოკლეს. მის ავტომობილში ბომბი ააფეთქეს. იგი საგამოძიებო სტატიებს წერდა. მისი მასალების გმირები ხშირად მალტის მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები იყვნენ. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე კარუანა გალიცია, „პანამის დოკუმენტებზე“ დაყრდნობით, მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ჯოზეფ მუსკატს კორუფციაში ადანაშაულებდა. 2021 წელს ჩატარებულმა დამოუკიდებელმა გამოძიებამ დაასკვნა, რომ ჟურნალისტის მკვლელობაზე ირიბი პასუხისმგებლობა მალტის ხელისუფლებას ეკისრება.
ცნობისთვის, იორგენ ფენეკი მალტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ის კარუანა გალიციას მკვლელობასთან დაკავშირებით 2019 წელს დააკავეს. თავდაპირველად ფენეკმა გამოძიებას შესთავაზა, რომ ჩვენებას მოწმის სტატუსით მისცემდა იმუნიტეტის სანაცვლოდ, თუმცა ხელისუფლებამ მის შეთავაზებაზე უარი თქვა. 2019 წლის ნოემბრის ბოლოს ბიზნესმენს ჟურნალისტის მკვლელობაში თანამონაწილეობა ოფიციალურად წაუყენეს. ფენეკი დანაშაულს უარყოფდა. ფენეკმა მალევე განაცხადა, რომ კარუანა გალიციას მკვლელობა შეუკვეთა კიტ სკემბრიმ – ბიზნესმენმა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ჯოზეფ მუსკატის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. ამ ყველაფერს მალტაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, რომელთა მონაწილეები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. შედეგად, სკემბრიმ თანამდებობა დატოვა, ხოლო ჯოზეფ მუსკატმა განაცხადა, რომ ახალი პარტიული ლიდერის არჩევის შემდეგ, 2020 წლის დასაწყისში პრემიერ-მინისტრის პოსტს დატოვებდა.