ნაფარეულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
ნაფარეულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

ნაფარეულის საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველების განცხადებით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა „ტოიოტას“ მარკის მსუბუქმა ავტომობილმა ჯებირი გაარღვია და მდინარე ალაზანში 15 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

ავტომანქანაში მძღოლი, სამი ქალი და 13 წლამდე ასაკის გოგო იმყოფებოდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.