ნაძალადევში მომხდარ შემთხვევაში მონაწილე პირი საავადმყოფოდან პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს
ნაძალადევში მომხდარ შემთხვევაში მონაწილე პირი საავადმყოფოდან პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, ნაძალადევში მომხდარ შემთხვევაში მონაწილეობდა, თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

როგორც პირველ არხს კლინიკის ექიმმა, გიორგი ბერიაშვილმა განუცხადა, მამაკაცი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა 05:45 საათზე შეიყვანა.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტს მხოლოდ გარეგნული ექსკორიაციის ნიშნები, ასევე ცხვირიდან სისხლდენა აღენიშნებოდა და ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დილის 09:00 საათის შემდეგ კი პაციენტმა მკურნალობის გაგრძელებაზე ექიმებს უარი განუცხადა და ხელწერილის საფუძველზე კლინიკა დატოვა. ის სამართალდამცველებმა განყოფილებაში გადაიყვანეს.

გარდაცვლილი 35 წლამდე მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

ნაძალადევში, ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის (ე.წ. კიკვიძის პარკი) მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელობა გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილს ჭრილობები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება ორ ნასვამ მამაკაცს შორის მოხდა.