ნაძალადევში ხუთი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია დასრულდა
ნაძალადევში ხუთი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში ხუთი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია დასრულდა.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ერთ-ერთი განახლებული მოედანი, რომელიც ზღვის უბნის მე-11 მ/რ-ის მე-3 კვარტალში, 58-ე კორპუსის წინ მდებარეობს, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.

„ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და სპორტული აქტივობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, გამგეობა სხვადასხვა ტიპის პროექტებს ახორციელებს. მიმდინარე წელსრეაბილიტირებული ხუთი მოედნიდან სამი ზღვის უბანში მდებარეობს. მე-11 მ/რ-ის მე-3 კვარტალში ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანიმოვაწყეთ. მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერია მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს აშენებს, რაც მთლიანად ზღვის უბანს კიდევ უფრო განავითარებს“,- განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

მერიის ინფორმაციით, ხუთივე სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 193 687 ლარი გამოიყო. წლის ბოლომდე, გამგეობის დაკვეთით, რეკონსტრუქცია კიდევ რამდენიმე მოედანს ჩაუტარდება.