ნაძალადევის გამგებლის მოადგილე - მომავალ კვირას გაირკვევა, როდის შეძლებენ გურამიშვილის გამზირზე დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლები ბინებში შესვლას 
ნაძალადევის გამგებლის მოადგილე - მომავალ კვირას გაირკვევა, როდის შეძლებენ გურამიშვილის გამზირზე დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლები ბინებში შესვლას 

თბილისში, გურამიშვილის გამზირის 30 ნომერში დღეს პირველად გახსნიან მეოთხე სართულზე დალუქულ ბინას, სადაც სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად 19 ოქტომბერს აფეთქება მოხდა. დღეიდან დაიწყება აღნიშნულ ბინაში გაწმენდითი და საექსპერტო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც გაირკვევა, რამდენად მდგრადია კორპუსი.

ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილის, ირაკლი ანდღულაძის განცხადებით, პირველადი დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ კორპუსს არ აქვს ისეთი დაზიანებები, რომელიც საფრთხეს შეუქმნის იქ მცხოვრებლებს.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებს ზემოთ მცხოვრებმა მოსახლეობამ უკვე შეძლოს საკუთარ სახლებში დაბრუნება.

„ამჟამად მიმდინარეობს წინმსწრები, დამზღვევი დასუფთავებითი სამუშაოები. ძირითადად ეს სამუშაოები მიმდინარეობს მესამე, მეოთხე და მეხუთე ​სართულებზე. მთლიანობაში, წინასწარი ვიზუალური დათვალიერებით, მთლიან კორპუსს, მის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში დანარჩენ მოსახლეობას შევუშვებთ კორპუსში. ახლა მიმდინარეობს მეოთხე სართულის დამზღვევი, დასუფთავებითი სამუშაოები, რადგანაც სამხარაულის საინჟინრო ჯგუფი შევიდეს და გააკეთოს შესაბამისი დასკვნა მთლიანი მდგრადობის შესახებ. როდიდან შევუშვებთ მოსახლეობას, ამის შესახებ მომავალ კვირას გვეცოდინება“,- განმარტა ირაკლი ანდღულაძემ.

თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ოქტომბერს მოხდა. აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ერთი დაშავებული ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მას სხეულის 60% აქვს დამწვარი.