ნადალმა წლის შემაჯამებელი წაგებით დაიწყო - ესპანელს ზედიზედ სამი წაგება აქვს #1TVSPORT
ესპანელმა რაფაელ ნადალმა წაგებით დაიწყო ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი. პირველ ტურში ესპანელი ორ სეტში დამარცხდა ამერიკელ ტეილორ ფრიტცთან – 6:7(3), 1:6.
ნადალმა ვერაფერი მოუხერხა მეტოქის მოწოდებას – ფრიტცმა საკუთარ გეიმებში მხოლოდ 12 ქულა დათმო და ესპანელს ერთი ბრეიკპოინტის შანსიც არ მისცა. გარდა ამისა, მინიმუმამდე დაიყვანა შეცდომები და ჯამში მხოლოდ 10 უნებლიე შეცდომა ჰქონდა.
ნადალს მეორე მოწოდება არ უვარგოდა – 20 გათამაშებიდან მხოლოდ რვა მოიგო, რის წყალობითაც ფრიტცმა ცხრა ბრეიკპოინტი გამოიმუშავა და ორი გამოიყენა.
ამ ჩოგბურთელებს შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 2:2 გახდა. წელს ისინი მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს: ჯერ იყო ინდიან უელსის „მასტერსის“ ფინალი, რომელიც ფრიტცმა მოიგო, შემდეგ კი უიმბლდონის მეოთხედფინალი, სადაც ნადალმა გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად ესპანელს ზედიზედ სამი წაგება აქვს და სამივე ამერიკელ ჩოგბურთელებთან: წინა კვირას მან პარიზის „მასტერსზე“ ტომი პოლთან წააგო, მანამდე კი აშშ-ის ღიაზე დამარცხდა ფრენსის ტიაფოსთან.