„ნაცმოძრაობის“ წევრი მამუკა ბიბილეიშვილი - კარანტინის წესების დარღვევისთვის იმიტომ დამაჯარიმეს, რომ ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი ვარ
კარანტინის წესების დარღვევისთვის იმიტომ დამაჯარიმეს, რომ ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი ვარ, – ამის შესახებ იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმებული სამტრედიის საკრებულოს წევრი, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ბიბილეიშვილი აცხადებს.
მისი თქმით, სახლის პირობებში იმკურნალა და იცავდა ყველა წესს.
„კოვიდის დადასტურებიდან არ გამოვსულვარ სახლიდან და მანამდეც ვიყავი იზოლაციაში. სახლის პირობებში ვიმკურნალე და ვიცავდი ყველა წესს. გუშინ ვიყავი ქუთაისში, სადაც სამედიცინო შემოწმების მიზნით მყავდა მეუღლე ჩაყვანილი ევროპულ სამედიცინო ცენტრში. მეუღლე ფარისებრ ჯირკვალზე მკურნალობს და გეგმური ვიზიტი ჰქონდა.
ჩემი დაფიქსირება უკანონო სატელეფონო მოსმენით მოხდა. სოფელ იანეთში გზაზე დამახვედრეს პოლიცია და გამაჩერეს. დამაჯარიმეს. სასწრაფო მოიყვანეს ქუთაისიდან, რომ კოვიდსასტუმროში გადავეყვანე. არადა, სასწრაფოს ჯგუფებს საათობით აგვიანდებათ პაციენტებთან, რომლებიც სიკვდილს ებრძვიან.
ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი ვარ და აჩვენეს ხალხს, თითქოს არ ვიცავ წესებს, მაშინ, როცა არ მაქვს არანაირი სიმპტომი და არ მქონია შეხება არავისთან. ნამდვილი კოვიდიანები კი ქუჩაში დადიან და ესაა უბედურება. არავის არ გავუფრთხილებივარ, რომ 14 დღე უნდა გამეტარებინა იზოლაციაში“, – აცხადებს მამუკა ბიბილეიშვილი.
შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის სამტრედიის საკრებულოს წევრის დაჯარიმების შესახებ. „მ.ბ.-ს, 2020 წლის 29 ნოემბერს ჩატარებული ტესტირების შედეგად, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ფაქტი დაუდგინდა, რის გამოც სპეციალისტების მიერ მის მიმართ თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაიცა. მას შემდეგ იგი კოვიდაღრიცხვაზე იმყოფება. ინფიცირებულმა მამაკაცმა დაარღვია დადგენილი წესები, თვითნებურად დატოვა თვითიზოლაციის ადგილი და საკუთარი ავტომანქანით, სამტრედიიდან ქუთაისის მიმართულებით გაემგზავრა“, – აცხადებენ შსს-ში.