„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ინიციატივა დაარეგისტრირა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ინიციატივა დაარეგისტრირა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ინიციატივა დაარეგისტრირა.

თინა ბოკუჩავა საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში მალხაზ მაჩალიკაშვილთნ ერთად მივიდა.

დეპუტატი იმედოვნებს, რომ საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად საჭირო ხელმოწერები მოგროვდება.

„წინა ჯერზე, როდესაც პარლამენტმა ჩააგდო საგამოძიებო კომისიის საკითხი, საფუძვლად მოიყვანა მთავარი პროკურორის განცხადება, რომ აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდებოდა და დასკვნით განცხადებას გააკეთებდნენ ისინი ექვსი მაისის შემდეგ ორი თვის ვადაში. მას შემდეგ ხუთ თვეზე მეტი გავიდა, ხედავთ, რომ ეს განცხადება ისეთივე ყალბი იყო, როგორც შალვა თადუმაძის დიპლომი, რადგან ხუთი თვის მერეც არანაირი დასკვნითი განცხადებები არ გაკეთებულა, არ დასრულებულა ეს საქმე. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თავიდან მივმართოთ პარლამენტს მოთხოვნით, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. საჭიროა სულ 50 დეპუტატის ხმა, ოპოზიცია და იმედი მაქვს, დამოუკიდებელი დეპუტატები ამას მხარს დაუჭერენ, ერთობლივად 30-ზე მეტი დეპუტატია, შესაბამისად, სულ 17-18 უმრავლესობის დეპუტატის თანხმობა იქნება საჭირო, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნას”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, კონკრეტულ სახელებს ვერ დაასახელებს, ვინ შეიძლება დაუჭიროს მხარი მმართველი პარტიიდან კომისიის შექმნის ინიციატივას, თუმცა შესაძლოა, ასეთი დეპუტატებიც გამოიძებნონ.

„აქამდე, როდესაც ბიძინა ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილებოდა, სამწუხაროდ, კოლექტიურ და მონურ მორჩილებას ვხედავდით, ძალიან მცირე გამონაკლისებით. გვახსოვს მარიამ ჯაში, რომელმაც ნიკა მელიას დაჭერას არ მისცა ხმა, ასევე, რომან კაკულია, შეიძლება ერთეულები გამოიძებნონ „ოცნებაში“, რომელთაც ესმით, რომ შვილმოკლულ მამას უნდა ჰქონდეს პასუხები”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

დატოვე კომენტარი