„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დავით კირკიტაძე წარადგინა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დავით კირკიტაძე წარადგინა

„ნაციონალურმა მოძრაობა – ძალა ერთობაშიამ“ რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატი დავით კირკიტაძე წარადგინა.

დავით კირკიტაძემ იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა, რასაც, მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რუსთავის მოსახლეობისთვის გააკეთებს.

„დიდი ხანია, აღარ ვართ თანაპარტიელები, თანამებრძოლები, ჩვენ დიდი ხანია ვიქეცით ერთ დიდ ოჯახად. ოჯახი, რომელიც ითვალისწინებს ყველაზე ხანში შესულის და ყველაზე პატარას ინტერესებს. ოჯახი, რომლის მთავარი ამოცანაც არის საქართველოში დაამარცხოს სიღარიბე, უმუშევრობა, უიმედობა და დაამარცხოს ოლიგარქი.

ყველა ჩვენმა ღირსეულმა პენსიონერმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვიყავით მთავრობა, რომლებიც ვზრუნავდით პენსიონერებზე, ჩვენ გავზრდით პენსიას მათთვის და ამავდროულად ლარის კურსს დავასტაბილურებთ, რომ პროდუქტები, წამლები, ცხოვრება გაიაფდეს.

ყველა რუსთაველმა სტუდენტმა უნდა იცოდეს, რომლებსაც ყოველდღიურად გადაადგილება უხდებათ თბილისში, მათთვის იქნება სტუდენტური ტარიფი და ამ შენობაში მოკალათებული გაზულუქებული ჩინოვნიკები, ნაცვლად პრემიების მიღებისა, მათზე გამოყოფენ ყოველთვიურად 50 ლარს და მათ შეეხიდებიან, რომ სასწავლებლებში ჩავიდნენ და ჩამოვიდნენ.

დიახ, ჩვენ გავიმარჯვებთ, რომ ამ ბავშვებმა იარონ უსაფრთხო სკოლაში, გარემონტებულ სკოლაში, მიიღონ მაღალი განათლება, შესაბამისი ყველა მოწინავე ქვეყნისა.

ყველა რუსთაველმა უნდა იცოდეს, ვინც ჯერ კიდევ ცხოვრობს სახელმწიფო საკუთრებაში, რომ ვდებ პირობას, პირველივე სამოც დღეში საკუთრებაში გადავცემთ ამ შენობებს და ფართებს, სადაც ისინი ცხოვრობენ.

ყველა რუსთაველმა უნდა იცოდეს, რომ ვინც რუსთავში გაახარა მრავალწლიანი ნარგავები სახლის წინ და არ ეწინააღმდეგება სამეზობლოს, ქალაქის ინტერესებს, მათ დავუმტკიცებთ ამ ბაღებს, რადგან ეს მათ ეკუთვნით“, – განაცხადა კირკიტაძემ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე.

„მადლობა მინდა, გითხრათ 2018 წლისთვის. 2018 წელს რუსთავმა აჩვენა, რომ ჩვენ გამარჯვება შეგვიძლია და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. თქვენ გატეხეთ იმ რეჟიმის თავდაჯერებულობა, რომელმაც 2030 წლამდე მოიზომა დრო და ახლად შემოღებული ბატონყმობა დააწესა საქართველოში. რუსთავმა სხვა ქალაქებთან ერთად მტკიცედ უთხრა – არა. ვერავინ მოგვერევა თუ ჩვენ ერთად დავდგებით და ვერავინ გაგტეხთ თქვენ იმიტომ, რომ რუსთაველები ხართ.

მახსენდება ის აღმშენებლობის წლები, რომლის ერთ-ერთი ლოკომოტივი დავით კირკიტაძე იყო, ჩემი მეგობარი. ეს მოედანი დათოს დროს არის გაკეთებული. იუსტიციის სახლი, მომსახურების სააგენტო, ის რომ რუსთავი გახდა სამხრეთ-კავკასიის ავტომობილების ჰაბი დათოს მოგონილი და გაკეთებულია. არ არსებობს ამ ქალაქში არაფერი, რაც მოგვწონს, რაც იმ წლებში არ იყოს გაკეთებული დათო კირკიტაძის და მისი გუნდის, მამუკა ჩიქოვანის მიერ.

დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება პროფესიონალები ხელისუფლებაში“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

რუსთავში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს უკრაინიდან სიტყვით მიმართა უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა. მან რუსთაველებს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა, რომ დავით კირკიტაძეს უჭერთ მხარს, რადგან დათოს თავდავიწყებით უყვარს თავისი ქალაქი და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად თავისი სამშობლო. ის უღალატო ადამიანია, რომელიც ამდენი წელი არ გატყდა ციხის, დევნის, ათასგვარი შევიწროების მიუხედავად, ისევე როგორც პრაქტიკულად ყველა თქვენგანი. ახლა უკვე დგება საბოლოოდ გამარჯვების დრო. 2020 წლის 31 ოქტომბერი არის არა მხოლოდ ქართველი ხალხის გამარჯვების, არამედ თითოეული ჩვენგანის ხელით საქართველოს საბოლოოდ გადარჩენის, განვითარების, წინსვლის, გაბრწყინების დიდი ეპოქა გაიხსნება. რა თქმა უნდა, ივანიშვილი ემზადება დიდი გაყალბებისთვის, ჩვენ ეს ყველამ კარგად ვიცით. ის მიმართავს ათასგვარ ხრიკებს, მაგრამ დაე, ემზადოს გაყალბებისთვის, ჩვენ, ქართველი ხალხი ვემზადებით დიდი გამარჯვებისთვის. სწორად ითქვა, რომ მარჯვნივ, მარცხნივ, ცენტრში, ყველაფერი დათოს გაკეთებულია „ნაციონალური მოძრაობის“ დროს.

უფრო მეტსაც გეტყვით, საქართველოში ყველაფერი არის „ნაციონალური მოძრაობის“ გაკეთებული, ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილის გაფუჭებული. გაფუჭების რესურსი საქართველოში ამოწურულია, გასაფუჭებელი ძალიან ცოტა რამ დარჩა. ახლა ისევ გაკეთების, აღმშენებლობის დროა. ვის შეუძლია აღმშენებლობა, თუ არა იმ ხალხს, ვისაც ეს ერთხელ უკვე ნაკეთები აქვს, რადგან ყველაფერი დანარჩენი არის ლაპარაკი და ზოგადი ფრაზები. ამ ხელებს აქვთ გაკეთებული, დათოს ხელებს აქვს ნაკეთები, ყველა მანდ მდგომის ხელებს აქვს ნაკეთები, დევი ჭანკვეტაძის ხელებს აქვს ნაბრძოლი და ეს იგივე ხელები ჩაკიდებული თქვენ ხელებთან, გული გულს, მხარი მხარს, ერთმანეთის გვერდით დგომით ყველაფერს შევძლებთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დატოვე კომენტარი