„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანუჩარ კვირკველია წარადგინა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანუჩარ კვირკველია წარადგინა

„ნაციონალურმა მოძრაობამ-ძალა ერთობაშია“ გურიის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა და ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანუჩარ კვირკველია წარადგინა.

როგორც მანუჩარ კვირკველიამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გურია ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული შემართებითა და ბრძოლისუნარიანობით.

„თქვენით დღეს მე ვარ ამაყი და ბედნიერი. ბრძოლა და გამარჯვება ჩემი ცხოვრების წესი და ტრადიციაა. 31 ოქტომბერს არ ვატარებთ რიგით არჩევნებს, ეს გაცილებით მეტია. ეს არჩევნები რეფერენდუმის, სადაც ქართ ხალხმა უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი ქვეყნის ბედი. ჩვენ ერთად დავძლევთ სიღარიბეს, უმუშევრობას, უსამართლობას. დადგა დრო, ერთად ვიცხოვროთ ისეთ საქართველოში, სადაც არც ერთ ოჯახს არ ექნება ხვალინდელი დღის შიში, აღარ იარსებებს უსამართლობის განცდა“,- განაცხადა მანუჩარ კვირკველიამ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე.

„ჩემ საყვარელ ოზურგეთში დღეს მანუჩარის დღეა. დღეს მთელ საქართველოს უნდა დავანახოთ, რა საამაყო ადამიანი ჰყავს გაერთიანებულ ოპოზიციას გურიაში მაჟორიტარობის კანდიდატად. იმ აგვისტოს ავად სახსენებელ დღეებში, როდესაც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო ერთდროულად სამხედრო და ტერორისტული ოპერაცია, მაშინ რუსებმა ვერ შეძლეს საქართველოში იმედის მოკვლა. იმ იმედის, ჩვენი საბოლოო გამარჯვების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ქართული კაცობის მაგალითი იყო ჩვენი მანუჩარი, რომელმაც გააკოტრიალა სულ ყველა პეკინში და როგორც უფრო ადრე, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებიდანოლიპმიადიდან ოქროს მედლით დაბრუნდა. ასე ოქროს მედლით დაამთავრებს ამ არჩევნებს მანუჩარ კვირკველია. გურულებზე პოლიტიკური ხალხი არ არის საქართველოში არავინ და აბა, აჩვენეთ რა შეგიძლიათ ძალიან გაბრაზებულებმა „ქართულ ოცნებას“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მხარდამჭერებმა ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაც მოისმინეს.

„ძალიან მიხარია თქვენი შეკრება, ძალიან მიხარია, რომ უსაფრთხოების ნორმებს იცავთ, იმიტომ, რომ არც ერთი ვირუსი და არც ერთი ავადმყოფობა ჩვენ არ უნდა მოგვერიოს. არ უნდა მოგვერიოს ის ავადმყოფობა, რომელიც დაპატრონებულია საქართველოს, ის საშინელი სენი, რომელიც შეეყარა საქართველოს – ქოციანობის და მისი მთავარი ვირუსის ივანიშვილის სახით. არსებობს ივანიშვილი, როგორც ვირუსი და არსებობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ამ ვირუსის ვაქცინა, ამ ვირუსის მკურნალობა, როგორც საქართველოს გაჯანსაღების ერთადერთი რეცეპტი და ერთადერთი საშუალება.

ძალიან მაგარი კანდიდატი გვყავს მანუჩარ კვირკველია. 2008 წელს პუტინი ესწრებოდა მის ფინალს ჩინელ მოჭიდავესთან და ძალიან გაბრაზებული იყო, როდესაც მანუჩარმა გაიმარჯვა. იმ გამარჯვებას ჰქონდა არანაკლები მნიშვნელობა, ვიდრე  ის რომ ჩვენი ჯარისკაცები გმირულად იბრძოდნენ. რა ტქმა უნდა, ჩვენი ჯარისკაცები თავს სწირავდნენ, მაგრამ მანუჩარმა რაც ქნა, ეგეც გმირობა იყო. განსაკუთრებულად ძარღვიანი, კარგი ქართველია, კარგი გურულია“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.