„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ წევრებმა მხარდაჭერებთან ერთად გურჯაანის მეცხრე მაჟორიტარულ ოლქთან აქცია გამართეს
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ წევრებმა მხარდაჭერებთან ერთად გურჯაანის მეცხრე მაჟორიტარულ ოლქთან აქცია გამართეს

გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიასთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ წევრები მხარდაჭერებთან ერთად შეიკრიბნენ და გურჯაანის მეცხრე მაჟორიტარული ოლქის მიერ საჩივრებზე გამოტანილი გადაწყვეტილებები გააპროტესტეს.

მათი განცხადებით, კომისიამ მათი მნიშვნელოვანი საჩივრები არ დააკმაყოფილა, მათ შორის ისეთებიც, რომელიც დალუქული ბიულეტენების ხელახლა გადათვლას ეხებოდა.

შეკრებილებმა კენჭისყრის დღეს არსებულ დარღვევებზეც ისაუბრეს და თქვეს, რომ ცალკეულ საარჩევნო უბნებზე ოქმში ასახული არჩევნებში მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობასა და ბიულეტენებს შორის დარღვეულია ბალანსი. მათივე განცხადებით, ეს არის სისხლის სამართლებრივი დანაშაული, თუმცა კონკრეტული უბნები არ დაუსახელებია.

ოპოზიციის ბრალდებებს საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მაია ჩუთლაშვილმა უპასუხა და განმარტა, რომ კომისიამ 80-მდე საჩივარი განიხილა.

„კომისიამ იმსჯელა და საჩივრებზე ობიექტური გადაწყვეტილებები გამოიტანა. საოლქო კომისიაში სულ 80-მდე საჩივარი იყო შემოსული, რომელიც არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს“, – განაცხადა მაია ჩუთლაშვილმა.

გურჯაანი-სიღნაღი-დედოფლისწყარო-საგარეჯოს ოლქში პირველ ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა გაიმარჯვა. მას ამომრჩეველთა 53%-მა დაუჭირა მხარი. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და აქციებს გააგრძელებენ.