„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ წარმომადგენლები დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრებას ითხოვენ
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ წარმომადგენლები დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრებას ითხოვენ

თბილისის საკრებულოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ლელოდან“ თბილისის მერიასთან არიან შეკრებილები. ისინი დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დასწრებას გეგმავენ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, საკრებულოს წევრებს სხდომაზე დასწრების კანონიერი უფლება აქვთ. ნადირაძის თქმით, სხდომის დაწყების დროდ 11:00 საათი მერის გავრცელებულ დღის წესრიგში იყო მითითებული

„დაცვა ამ დრომდე ვერ გვცემს პასუხს, რომელ საათზე იწყება მთავრობის სხდომა და აპირებენ თუ არა, შეგვიზღუდონ ჩვენი ლეგიტიმური უფლება, შევიდეთ და დავესწროთ მთავრობის სხდომას. კალაძესთან მილიონი კითხვა გვაქვს, მათ შორის ტექნიკური კითხვა შადრევანთან მიმართებით. ქალაქში ახლაც ათობით სამუშაო მიმდინარეობს, მათ შორის „გრინსერვის პლუსის“ შესრულებით, გვაინტერესებს, რამდენად უსაფრთხოა, რომ ჩვენი შვილები, მოქალაქეები გავუშვათ პარკებში, სკვერებში, ატრაქციონებში, რას აპირებს ამ მიმართულებით. იმედია, კალაძე ამაზე კითხვებს არ გაექცევა“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ჯერ უცნობია, მიეცემათ თუ არა თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს სხდომაზე დასწრების უფლება.

თბილისის მთავრობის დღევანდელი სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.