„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ პარლამენტთან კარვის გაშლა სცადა და პოლიციელებს წყალი მიუტანა - ცივი წყალი მოგინატეთ, რომ დალიოთ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ პარლამენტის შენობის წინ კარავი მიიტანა და მისი გაშლა რამდენჯერმე სცადა, თუმცა ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს.
როგორც ჩალაძე ამბობს, რომ კარვის გაშლა კანონით დაშვებულია და მაინც დადგამს.
„ამ მთავრობას აქვს კარვების ჰობია და ეს უნდა დამთავრდეს. კარავი არის კანონიერი და კარვის გაშლის უფლება გვაქვს. კანონში წერია, რა შეიძლება და რა არ შეიძლება. მე ვიცავ კანონს. ეს არის ერთი კაცის ერთი პროტესტი, სადაც ვაპროტესტებ პოლიციის მიერ უკანონო შეზღუდვებს. ეს არის კარვის დაშლის ხელშეშლა. ამის უფლება მათ არ აქვთ. ისინი მიიღებენ სამართლებრივ დავას. ორშაბათს დილას სასამართლოში შევა სარჩელი, სადაც ჩემი უფლების დარღვევა იქნება დაფიქსირებული. მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, რომ რეაქცია ჰქონდეს ამ უკანონობაზე“, – განაცხადა ჩალაძემ.
მან პოლიციელებს წყალი მიუტანა.
„ცივი წყალი მოგინატეთ, რომ დალიოთ. გავრილოვის ხსენება ძალიან გწყენთ ეტყობა“, – მიმართა მან პოლიციელებს.
როგორც თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე სერგი ბზიშვილმა განმარტა, კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით ხვალ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია ღონისძიებები, რის გამოც, გიორგი ჩალაძეს შესთავაზეს, ალტერნატიულ ადგილას გაეშალა კარავი.
„ხვალ არის კონსტიტუციის დღე. გარკვეული ღონისძიებები იგეგმება პარლამენტის ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, ვთხოვეთ, ალტერნატიული ადგილი მივუთითეთ გაშალონ სკოლის ტერიტორიაზე ან მოსწავლე ახალგაზრდობის ტერიტორიაზე. ჩვენ არ ვუზღუდავთ ამ უფლებას. შეუძლიათ, გაშალონ, მაგრამ ვინაიდან საფრთხე არსებობს, რომ აღარ აიღებენ ამ კარვებს და შეიძლება, დაემატოს, ვთხოვეთ ალტერნატიულ ადგილად გაშალონ კარვები“, – განაცხადა სერგი ბზიშვილმა.