„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გაუმართავი და დამტვრეული ავტომანქანებით დადიან
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გაუმართავი და დამტვრეული ავტომანქანებით დადიან

საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი და ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ხალვაში, რომელიც ბათუმის 11-12 მარტის აქციებთან დაკავშირებით სამსახურიდან გაათავისუფლეს, აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიციის დემორალიზების პროცესი მიმდინარეობს.

გია ხალვაში ამტკიცებს, რომ აჭარაში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გაუმართავი და დამტვრეული ავტომანქანებით დადიან.

„მანქანები არ არის დაზღვეული და მათ შეკეთებას თანამშრომლები ხელფასზე შეგროვილი თანხებით ახერხებენ, ავტომანქანების შესაკეთებლად კი ძველ ნაწილებს იყენებენ, თუმცა აფორმებენ როგორც ახალს. გარდა ამისა, პოლიციელებს აღარ ეძლევათ ფორმები და ისინი ორი წლის წინანდელი პერანგებით დადიან“, – განაცხადა გია ხალვაშმა.

მისივე თქმით, ინფორმაცია უშუალოდ საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლებისგან მიიღო.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შსს-ს ავტომანქანების ძირითადი ნაწილი დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია „ალფაში“, რომელიც ხელშეკრულების პირობების მიხედვით ახორციელებს მომსახურებას.

„კერძო სადაზღვევო კომპანიაში დასაზღვევი მანქანები შერჩეულია მათი საბალანსო ფასის, მდგომარეობის და ფუნქციის გათვალისწინებით. რაც შეეხება ავტოპარკის მეორე ნაწილს, ძირითადად დაზღვევა არ შეხებია მოძველებულ, ამორტიზირებულ და მცირე საბალანსო ღირებულების ავტო ტრანსპორტს, რადგან მათი დაზღვევა არაეფექტურია. სამინისტროს მიერ უკვე დაწყებულია ამ მანქანების ჩანაცვლება. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ დაუზღვეველი მანქანით მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და ინციდენტი უკავშირდება სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას, ავტომანქანის შეკეთება ხდება სმინისტროს მიერ“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.