„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა იურიდიულ კომიტეტზე მალხაზ მაჩალიკაშვილის შეშვება მოითხოვეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა იურიდიულ კომიტეტზე მალხაზ მაჩალიკაშვილის შეშვება მოითხოვეს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მალხაზ მაჩალიკაშვილის შეშვება მოითხოვეს.

თავდაპირველად, გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის მოსმენისას, სხდომაზე მაჩალიკაშვილის დასწრება მოითხოვა თინა ბოკუჩავამ, რომლის თქმითაც, მაჩალიკაშვილს შენობაში არ უშვებენ. მან კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს მოსთხოვა, მიმართოს პარლამენტის თავმჯდომარეს და მაჩალიკაშვილი შემოუშვან პარლამენტის შენობაში, რათა მას მიეცეს საშუალება, თადუმაძის მოსმენის პროცესს დაესწროს. ამის შემდეგ, ბოკუჩავამ სხდომა დატოვა და განაცხადა, რომ თავად იზრუნებს მაჩალიკაშვილის შემოსვლაზე. ის მედიასთან ერთად, პარლამენტის ცენტრალურ შესასველლთან წავიდა. ამის შემდეგ, ოპოზიციამ ანრი ოხანაშვილს კიდევ მიმართა, რომ პარლამენტში მოქალაქეებს შემოსვლის საშუალება უნდა ჰქონდეთ და მაჩალიკაშვილი უნდა შემოვიდეს სხდომაზე.

ანრი ოხანაშვილის განმარტებით, სხდომაზე მაჩალიკაშვილის დასწრების შესახებ კომიტეტისთვის არავის მიუმართავს. „არ ყოფილა მომართვა კომიტეტისთვის. თუ ვინმეს სურს შემოსვლა, მობრძანდეს, დაესწროს და დააკვირდეს პროცესს“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

უმრავლესობის წარმომადგენელი სოფიო კილაძე ოპოზიციის მოთხოვნას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენის პროცესისთვის ხელის შეშლად აფასებს. როგორც მან შალვა თადუმაძისთვის შეკითხვის დასმამდე განაცხადა, ოპოზიციას სურს, ეს პროცესი „მასკარადს“ დაამსგავსოს.

დატოვე კომენტარი