„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით სამტრედიის საკრებულოს სხდომაზე წითელი ბარათები მიიტანეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით სამტრედიის საკრებულოს სხდომაზე წითელი ბარათები მიიტანეს

სამტრედიის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკრებულოს სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა კიდევ ერთხელ მოინდომეს. წითელი ბარათებით, რომელზეც იყო წარწერა – „გახარია წადი“, დეპუტატებმა გააპროტესტეს 20 ივნისის მოვლენები და გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვეს.

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მამუკა ბიბილეიშვილის განცხადებით, მათი პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე გიორგი გახარია თანამდებობიდან არ გადადგება.

„სხდომაზე მივიტანეთ პლაკატები წარწერით – „გახარია წადი“. კიდევ ერთხელ გავაპროტესტეთ განვითარებული მოვლენები და ის, რომ მინისტრი ამ დრომდე თანამდებობაზე რჩება. ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ საკრებულოს სხდომებს და არ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში, ვიდრე გახარია არ წავა, იქამდე კი, ყველა სხდომაზე გვექნება ეს პლაკატები“, – განაცხადა მამუკა ბიბილეიშვილმა.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მათ ქმედებას უმრავლესობის პროტესტი მოყვა, რადგან ისინი განვითარებულ მოვლენებში აქციის მონაწილეებს ადანაშაულებენ.

დატოვე კომენტარი