„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საპროტესტო მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები მეტროსადგური „ავლაბრიდან“ ავტოკოლონით ჯერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მიემართებიან, შემდეგ კი მსვლელობას მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით გამართავენ.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და განმეორებით არჩევნებს მოითხოვენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, გიორგი ონიანის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ მოსახლეობა არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
„ეს პრობლემას უქმნის არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ მთლიანად ჩვენს ქვეყანას, რადგან კრიზისი გარდაუვალია. ასეთი ეკონომიკური ფონის არსებობის შემთხვევაში, კიდევ ხელახალი კრიზისი არის ამ ქვეყნისთვის ძალიან მძიმე. ამიტომ ყოველგვარი გაჯიუტების გარეშე, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს და ჩაატაროს ხელახალი არჩევნები, რომელიც იქნება მეტნაკლებად კონკურენტული მაინც, რომელიც სამართლიანად აღიარებული იქნება საქართველოში რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, რომელიმე აქტიური ჯგუფის მიერ. სხვა შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობაში არის ძალიან დიდი ბრაზი. ამას ემატება ის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც დღითიდღე უარესდება. ერთპარტიული არჩევნები, მე იმაზე კი არ ვწუხვარ, რომ ეს „ქართული ოცნების“ დაღუპვაა და ეს ნამდვილად ასეა, ძალიან მძიმე შედეგებს გამოიღებს ჩვენი ქვეყნისთვის.
დღევანდელ დღეს ეს აქცია დასრულდება იმ ერთადერთ ადამიანთან, ვისაც ძალუძს დღეს ამ გადაწყვეტილების მიღება, თუნდაც შიგნით გუნდში. გვინდა, გავაგონოთ მას ის, რომ ეს არ არის 90-იანი წლები, არ არის ვინმესთვის „ბიზნესის ახევა“ და რეკეტი. ეს არის ქვეყანა, მას აქვს გარკვეული რეპუტაცია, თუ ეს რეპუტაცია დავკარგეთ, იმ ეკონომიკურ კრიზისს, გარდაუვალია, მარტო საქართველო ვერ გაუმკლავდება. საერთაშორისო პარტნიორები არ დაგვეხმარებიან იმ შემთხვევაში, თუ დავემსგავსეთ იმ სახელმწიფოს, რომლებიც ავტორიტარიზმით არიან გამორჩეული“, – განაცხადა გიორგი ონიანმა.