„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან.
შეხვედრა პარლამენტში მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ახალ გამოწვევებს გააცნობენ, რაც მისი თქმით, ქვეყანაში დემოკრატიის თვალსაზრისით დგას.
„ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა დააანონსეს ფაქტიურად, პოლიტიკური ტერორი და პოლიტიკური დევნა ოპონენტების მისამართით. ვგულისხმობ განცხადებებს, რომელიც გუშინ გაკეთდა პროკურატურაში, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პარტნიორებს, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გავაცნოთ ის ახალი გამოწვევები, რომელიც დგას ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის თვალსაზრისით და დევნა, რომელიც ხორციელდება ოპოზიციის წინააღმდეგ“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, საუბარი შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებსაც.
„ასევე ვაპირებთ, ვისაუბროთ კონსტიტუციის ცვლილებაზე, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და ვთხოვოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აქტიური ჩართულობა ამ პროცესში“, – აღნიშნა დეპუტატმა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით გაგრძელდება.