„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბათუმის მერიის აიპებ-ში დასაქმებულთა სიების გასაჯაროებას ითხოვენ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბათუმის მერიის აიპებ-ში დასაქმებულთა სიების გასაჯაროებას ითხოვენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბათუმის მერიის აიპებ-ში დასაქმებულთა სიების გასაჯაროებას ითხოვენ. მერის კაბინეტთან პროტესტს ამ მოთხოვნით ჯელალ ქიქავა განაგრძობს.

მისი განცხადებით, აღნიშნულ სამსახურებში დასაქმებულია საკრებულოს მმართველი პარტიის დეპუტატების ნათესავები, მათ შორის ერთ-ერთი ირაკლი პატარიძეა, რომლის მამაც მისი განცხადებით, „ბათუმის წყალში“ სწორედ შვილის გავლენით დანიშნეს.

პატარაძე ის დეპუტატია, რომელიც ტერენტი გრანელთან დაკავშირებული ხმაურიანი ინციდენტის დროს დაშავდა.

„დეპუტატ პატარიძის, იგივე ტერენტიჩის მამა ბოლო ერთი წელია მაღალ თანამდებობას იკავებს ბათუმის წყალში. აიპებ-ში არის ნეპოტიზმი, სწორედ ამიტომ არ გვაწვდიან სიებს. საკრებულოს სხდომაზე რომ განაცხადეს, გადავეცითო სიცრუეა, მხოლოდ ავტოტრასპორტიდან მოვიდა სია, ისიც თანამდებობრივი. ვიდრე  სიებს არ მოგვცემენ, აქ ვიქნებით და მერს კაბინეტში არ შევუშვებთ,”- განაცხადა ჯელალ ქიქავამ.

მერის კაბინეტთან დაცვის სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები იმყოფებიან.

ბრალდებებს პასუხობს ირაკლი პატარიძე. ის ადასტურებს, რომ მისი მამა სამსახურში დაახლოებით 7 თვის წინ დაინიშნა.

„საამაყო მამა მყავს, ის დიახ მუშაობს ბათუმის წყალში. ერთ-ერთი მოწინავე თანამშრომელია. 7 თვეა რაც სანიაღვრე განყოფილებაშია დასაქმებული. აიპებ-ში ოპოზიციის ახლობლები და მათი ოჯახის წევრებიც მუშაობენ. ჩვენ მათზე დევნა არ დაგვიწყია. ნეპოტიზმი არაფერ შუაშია, ყველა იქ თავისი დამსახურებითაა, მათ შორის მამაჩემიც. ბრიფინგი ვინც ჩაატარა, ეს ადამიანი შეურაცხადია, ის აჭარის სირცხვილია,“ – განაცხადა ირაკლი პატარიძემ.