„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

აგვისტოს ომის გმირის გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს.

ოპოზიციონერები ეროვნული გმირის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში ჩავიდნენ და მისი სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„გიორგი ანწუხელიძე საქართველოს ეროვნული გმირი იცავდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის და საქართველოს ღირსების სადარაჯოზე იდგა, როდესაც ის სიკვდილს თვალებში უყურებდა. მან იცოდა ერთი რამ, რომ საქართველოს დროშა, ქართული სახელმწიფო არის მისთვის წმინდა და ამ სიწმინდისთვის მან ყველაზე ძვირფასი სიცოცხლეც კი გაწირა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში, რუსმა და ოსმა სამხედროებმა ცხინვალში წამებით მოკლეს. გიორგი ანწუხელიძის ცხედრის გადმოსვენება 2008 წლის ნოემბერში მოხერხდა. მისი წამების ამსახველი ვიდეოკადრები კი ინტერნეტში 2009 წელს გავრცელდა. სიკვდილის შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.