„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ბექა ბასილაიამ პროკურატურაში საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრმა, ადვოკატმა ბექა ბასილაიამ საჩივარი შეიტანა. მისი თქმით, საჩივარი საარჩევნო დარღვევებს ეხება.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ მის ხელთ არსებულ შესწორებისა და შემაჯამებელ 20-მდე ოქმზე კომისიის წევრების ხელმოწერები გაყალბებულია, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
„ეს გაყალბები იმდენად თვალსაჩინოა, რომ პროკურატურა თვალს ვერ დახუჭავს და მოუწევს გამოძიების დაწყება. უნდა ჩატარდეს კალიგრაფიული ექსპერტიზა და დადგინდეს იმ პირთა ვინაობა, ვინც გააყალბა ეს ხელმოწერები. ამავდროულად, უნდა დადგინდეს იმ პირთა ვინაობა, ვინც გასცა დავალება. არ მგონია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში მოხალისეები არსებობდნენ კრიმინალის ჩასადენად. ეს არის დავალების შედეგად მიღებული გაყალბებები და უნდა დადგეს არა მხოლოდ გამყალბებელთა, არამედ დავალების გამცემთა პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან სწორედ გაყალბებული ოქმების შედეგად მოიპარეს ქართველი ხალხის ნება“, – აცხადებს ბექა ბასილაია.