„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი კახა ასკურავა პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი კახა ასკურავა პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

ლანჩხუთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კახა ასკურავა პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

უწყებაში შესვლამდე ასკურავამ განაცხადა, რომ თან აქვს 17 პირადობის მოწმობა, რომელიც მისი თქმით, საარჩევნო უბანთან 200 მეტრში იპოვა და რომელიც მისი განცხადებით, ხელისუფლებამ არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენა.

“გადავცემ ამ მტკიცებულებებს, რომელიც ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან სარდაფში დაყრილი აღმოვაჩინე. 17 პირადობის მოწმობა, რომელიც არის უვადოდ გაცემული, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ეყაროს სარდაფში, საარჩევნო უბნიდან 200 მეტროში. აბსოლუტურად ყველა არის გარდაცვლილი და მთავარ პროკურატურას მივმართავ, დაადგინოს ამ პირადობების წარმოშობა. ასეთი გატკიცინებულია“,  – განაცხადა კახა ასკურავამ.

მისი თქმით, პირადობების ნაწილი 2004, 2006 და 2008 წელს არის გაცემული, თუმცა ასკურავა ამბობს, რომ აპარატები ახლაც ინახება იუსტიციის სახლებში.

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ამბობს, უკვირს არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც ყალბ პირადობის მოწმობებზე საუბრობდნენ, ამ დრომდე კი არც ერთი მათგანი არ გამოხმაურებია.

„რისთვის იყო საჭირო, ვინ გამოიყენა, რისთვის გამოიყენა, რატომ იყო 17 პირადობა აბსოლუტურად არამიზნობრივ ადგილზე დაყრილი. ჩემი ვერსია მაქვს – არჩევნების გაყალბება, გაყალბების რამოდენიმე სისტემა ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ და ერთი იყო ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენება. სოსო გიორგაძის განცხადებას ვუსმინე და მას უნდა რცხვენოდეს. მათ ჰქონდათ ყალბი სიებიც, თუ პროკურატურა მიიღებს გადაწყვეტილებას, გახსნას საარჩევნო მასალები და იქ აუცილებლად აღმოჩნდება ყალბი სიები, რომლითაც მისცემდნენ ხმას. გამოიყენეს თუ არა ეს პირადობის მოწმობები ხმის მისაცემად, ეს უნდა დაადგინოს ძიებამ”, -განაცხადა კახა ასკურავამ პროკურატურაში შესვლისას.