„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ აჭარის საარჩევნო უბნებზე სირცხვილის კორიდორები აღარ მოეწყობა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ აჭარის საარჩევნო უბნებზე სირცხვილის კორიდორები აღარ მოეწყობა

აჭარის საარჩევნო უბნებზე სირცხვილის კორიდორები აღარ მოეწყობა. ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა, ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

„ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრის, გიორგი კირთაძის განცხადებით, პროტესტის აღნიშნული ფორმით გამოხატვაზე უარის თქმის მიზეზი გახდა ის, რომ მათი ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პროკაციებისთვის ემზადებოდა.

„გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ სუს-ი ემზადებოდა პროვოკაციებისთვის. დანამდვილებით ვიცით, რომ პოლიცია განერიდებოდა სიტუაციას და სუს-ის მიერ ორგანიზებული ჯგუფები მოახდენდნენ დაპირისპირებას. ამიტომაც, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს მშვიდობიანი აქციები, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ორგანიზატორისთვის ითვალისწინებდა სირცხვილის კორიდორს, აღარ გაიმართება“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გიორგი კირთაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს ამომრჩევლებს, არ მიიღონ მონაწილეობა მეორე ტურში.