„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ზაზა გოგავა აირჩიეს
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ზაზა გოგავა აირჩიეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ზაზა გოგავა აირჩიეს. თბილისის ორგანიზაციის ყრილობაზე ზაზა გოგავას კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა წარადგინა.

„ვარ ბედნიერი და ამაყი, რომ მაქვს შესაძლებლობა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ასარჩევად წარგიდგინოთ ბატონი ზაზა გოგავა. ზაზა გოგავა არის ადამიანი, ვისთვისაც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა არის მისი საქმეც, მისი პირადიც და მთელი მისი ცხოვრებაც. ეს არის ადამიანი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ემსახურა და ემსახურება საქართველოს! ეს არის ადამიანი, ვისაც, საქართველოს თავისუფლების, ერთიანობისა და ევროპული მომავლის დასაცავად, წლების განმავლობაში ფიზიკურად უბრძოლია. ეს არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს სიყვარულით, საქართველოს დასაცავად გაიარა გზა რიგითობიდან გენერლობამდე, ისე, რომ არც ჯარში მსახურის დროს და არც შემდგომ, არასდროს შეუწყვეტია ყოფნა რიგით ჯარისკაცად. ის დღემდე ცხოვრობს ამ განცდით, რომ არის საქართველოს რიგითი ჯარისკაცი. ვინ, თუ არა ზაზამ, ყველაზე კარგად იცის, რა ძალა აქვს ერთობას, ერთმანეთის გაგებას და ერთიანი სულისკვეთებას. როგორი საჭიროა მუშაობისას და საქმის კეთებისას დისციპლინა და როგორ შეიძლება, სამშობლოსთვის ბრძოლაში თავგანწირვა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა თავად ზაზა გოგავა.

„თბილისი ყოველი ქართველისთვის ერთიანი საქართველოს მარადიული სიმბოლო და საფიცარი ხატია. ოდითგანვე საქართველოს სვებედი თბილისის მდგომარეობაზე იყო დამოკიდებული. თბილისი ყოველთვის იყო არამარტო საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის ცენტრი, ის იყო ევროპის აღმოსავლეთ კარიბჭე. მინდა, დავსვა შეკითხვა, თუ რა იყო მიზეზი, რატომაც დავით აღმაშენებელმა საქართველოს დედაქალაქი თბილისში გადმოიტანა? ეს იყო ერთიანი კავკასიური კულტურულ-პოლიტიკური სივრცის შექმნის იდეა, რამაც განვლილი ცხრა საუკუნის განმავლობაში წარმატებით იმუშავა. დღეს საქართველოს და შესაბამისად თბილისსაც, აქვს მნიშვნელოვანი გამოწვევები, თუმცა ჩვენ, გამოწვევები შეგვიძლია და უნდა ვაქციოთ შესაძლებლობად. ეს შესაძლებლობა ევროპაა, ჩვენ კი არ უნდა შევიდეთ ევროპაში, ევროპა უნდა მოვიწვიოთ კავკასიაში, სწორედ ეს როლი ეკუთვნის თბილისს. ამ ქალაქისთვის და ამ ქვეყნისთვის ბრძოლა გრძელდება. დღეს ეს ქალაქი გაჩერებულია, ტანჯავს საცობები, ეკოლოგიური, რეკრეაციული, განაშენიანების გამოწვევები, პრობლემები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით და კიდევ სხვა მრავალი… იმისათვის, რომ თბილისმა დაძლიოს ეს გამოწვევები, საჭიროა ცვლილებები მთელი ქვეყნის მასშტაბით. მე გპირდებით, რომ ამ ცვლილებებისთვის ბრძოლაში ვიქნებით ერთად, ერთმანეთის მხარდამხარ, ყველა თაობის წარმომადგენელთან ერთად და თბილისის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაცია ამ ბრძოლაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს. ამ ქვეყნისთვის, ამ ქალაქისთვის სხვადასხვა დროს სხვადასხვა თაობას უბრძოლია. უბრძოლია ზვიად გამსახურდიას, რომლის სახელსაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა უკავშირდება. უბრძოლია და იბრძვის მიხეილ სააკაშვილი, რომლის სახელთანაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს სხეულის ჩამოყალიბებაა დაკავშირებული. მინდა, მივესალმო უმაღლეს მთავარსარდალ მიხეილ სააკაშვილს, ვუსურვო ჯანის სიმტკიცე და მხნეობა. ჩვენ ვიბრძოლებთ ცვლილებებისთვის, რომ საქართველო იყოს თავისუფალი, მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი, თბილისი იყოს ერთიანი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფო – საქართველოს დედაქალაქი“, – აღნიშნა ზაზა გოგავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ მისი ახალი ინიციატივის შესახებაც გამოაცხადა, რომლის თანახმად, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის პარალელურად, იქმნება თბილისის საზოგადოებრივი დარბაზი.

„იქნება დისკუსიები, დაიხვეწება იდეები, რათა თბილისი კვლავ დიდებულ ქალაქად ვაქციოთ. მე პირადად გპირდებით, რომ მუდმივად შევახსენებ, პირველ რიგში, ჩემს თავს და მერე ყველა თქვენგანს, რომ ჩვენ გვაქვს ვალი საკუთარი სამშობლოს წინაშე და ახლა ამ ვალის დაბრუნების დროა. თბილისში ბევრმა საკუთარი წარუშლელი ნაკვალევი დატოვა და ჩვენ ქალაქს ვალი ერთი ასად დაუბრუნა. ამის ნამდვილი სიმბოლო ბუბა კიკაბიძეა, რომელმაც შექმნა დიდი ეპოქა და სიცოცხლის ბოლომდე მტკიცედ იცავდა საქართველოსა და ჩვენი ქალაქის სახელს. თბილისი აუცილებლად იქნება ევროპული, თავისუფალი, ერთიანი საქართველოს დედაქალაქი“, – განაცხადა ზაზა გოგავამ.